ბრეგაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილი სამი თვეა მკურნალობის კურსს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადის.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან.
მსჯავრდებულ სააკაშვილის დაცვის მხარე აპირებს მოიწვიოს ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტები, რომელთა დასკვნაც გახდება საფუძველი სასჯელის გადავადების შუამდგომლობისთვის.

„პენიტენციური სამსახური არ იღებს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელმაც სასჯელი ან უნდა გადაუვადოს, ან უნდა გაათავისუფლოს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ექს-პრეზიდენტი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადის, შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნების გაკეთება.
„მთელი ამ დროის მანძილზე ეს ადამიანი იმყოფება თერაპიულ და არა რეანიმაციულ ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ეს ადამიანი არ შიმშილობს, მას უტარდება ყველა ღონისძიება, რომელსაც კლინიკა საჭიროდ თვლის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
სააკაშვილი პროცესზე ვერ გამოცხადდა - სხდომა ისევ გადაიდო>>>
სააკაშვილი ზუსტად სამი თვეა მკურნალობის კურსს სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადის. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0