რატი ბრეგაძე: სააკაშვილს დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა შეიძლება ჩაუტარდეს

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
უცხოელი ექსპერტები უკვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“, სადაც სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე არ გამორიცხავს დამატებით დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად.
უცხოელი ექსპერტები უკვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“, სადაც სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.
მინისტრის განცხადებით, უწყებაში „დაინტერესებული არიან როგორც კონკრეტულად ამ ადამიანის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობით“.

„იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი მცირე კითხვის ნიშანიც კი, საავადმყოფოს პარალელურად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენც ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოო ჯამში დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ“, – განაცხადა ბრეგაძემ ბრიფინგზე.

ამასთან, მინისტრმა დღეს არ ისაუბრა, ვინ ჩაატარებს და როდის ჩატარდება დამოუკიდებელი ექსპერტიზა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია ყველასთვის ღია იქნება.
ბრეგაძე ასევე გამოეხმაურა ამერიკელი და შვეიცარიელი ექსპერტების ვიზიტს, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით საქართველოში 29 აგვისტოს ჩამოვიდნენ.
გახდება თუ არა უცხოელი ექსპერტების დასკვნა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საბაბი >>
უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივა სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნით. მათი აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების დასკვნა გახდება საფუძველი ექს-პრეზიდენტის სასჯელის გადავადების შუამდგომლობისთვის.

„აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება დასკვნას, ჯერჯერობით ასეთი დასკვნა არ არსებობს და კარგად მოგეხსენებათ, რომ სასჯელის გადავადებასა და სასჯელისგან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

წინასწარი მონაცემებით, უცხოელი ექსპერტები შეუერთდებიან ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტების ჯგუფს და სააკაშვილის შემოწმების შემდეგ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ საკუთარ დასკვნას წარმოადგენენ.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
ადვოკატების თქმით, დასკვნაში მოცემული იქნება ასევე ექს-პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0