გახდება თუ არა უცხოელი ექსპერტების დასკვნა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საბაბი

© AP Photo / Irakli Gedenidzeმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
უცხოელი ექსპერტები უკვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“, სადაც სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უცხოელი ექსპერტების დასკვნა ავტომატურად სამართლებრივ გადაწყვეტილებას არ განაპირობებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტები 29 აგვისტოს ჩამოვიდნენ.
უცხოელი ექსპერტების მოწვევის ინიციატივა სააკაშვილის ადვოკატებს ეკუთვნით. მათი აზრით, ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტებთან ერთად უცხოელი ექსპერტების დასკვნა გახდება საფუძველი სასამართლოს წინაშე ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დასაყენებლად.

„არ შეიძლება ერთი რომელიმე დასკვნა იყოს უპირობო ჭეშმარიტებად მიჩნეული. მარტივად რომ ვთქვა, ექსპერტიზა ავტომატურად სავალდებულო გადაწყვეტილებას არ განაპირობებს. დასკვნა სამსჯელო გახდება სასამართლოსთვის, ასევე პროცესის მწარმოებელი სხვა სუბიექტებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ექსპერტების დასკვნამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იმოქმედოს გადაწყვეტილებაზე, თუ დოკუმენტში ნათქვამი იქნება, რომ მსჯავრდებულს ესაჭიროება ისეთი სამედიცინო მომსახურება, რომლის განხორციელებაც საქართველოში არ ხდება.
„ამ დრომდე არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ სააკაშვილს რაიმე ისეთი სამკურნალო პროცედურა ესაჭიროება, რაც საქართველოში არ არის ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა დეპუტატმა.
უცხოელი ექსპერტები უკვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“, სადაც სააკაშვილი მეოთხე თვეა მკურნალობის კურსს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც სტაბილურს, საზოგადოებისთვის მისი დიაგნოზი უცნობია.
კლინიკა „ვივამედი“ მზადაა სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს კითხვებს უპასუხოს>>>
წინასწარი მონაცემებით, უცხოელი ექსპერტები შეუერთდებიან ცენტრ „ემპათიის“ სპეციალისტების ჯგუფს და სააკაშვილის შემოწმების შემდეგ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ საკუთარ დასკვნას წარმოადგენენ.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისგან პატიმრის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იქნება გარდაცვალების მაღალი რისკის ან საპატიმროს პირობებში პაციენტის სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულის შესახებ.
ადვოკატების თქმით, დასკვნაში მოცემული იქნება ასევე ექს-პრეზიდენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება.
ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0