კვარაცხელიამ გოლი ვერ გაიტანა - „ნაპოლიმ“ ვერ გაიმარჯვა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
ქართველმა ფორვარდმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველად დატოვა მინდორი ისე, რომ გოლი არ გაუტანია და არც შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია А-ს მესამე ტურში გოლის გატანა ვერ შეძლო, კლუბმა კი სეზონში პირველად ქულა დაკარგა.
„ნაპოლიმ“ „ფიორენტინასთან“ გასვლითი მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
მინდორზე კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა. „ფიორენტინის“ ბრაზილიელი მცველი დოდო პერსონალურად მის წინააღმდეგ თამაშობდა და პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელს ნორმალურად თამაშის საშუალება არ მისცა.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრიუმფალური დებიუტი „ნაპოლის“ შემადგენლობაში>>>
მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა და პირველივე წუთებზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მყოფ თანაგუნდელ ირვინგ ლოსანოს, რომელიც პირდაპირ კარის წინ იმყოფებოდა, თავით ბურთი გადააწოდა. ეს იყო ყველაზე რეალური საგოლე მომენტი მატჩში, თუმცა გერმანელმა თავდამსხმელმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.
მატჩის 61-ე წუთზე „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა და ქართველმა ფორვარდმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველად დატოვა მინდორი ისე, რომ გოლი არ გაუტანია და არც შედეგიანი გადაცემა გაუკეთებია.
საბოლოო ჯამში „ნაპოლიმ“ მხოლოდ ერთი ქულა მიიღო და სამი ტურის შემდეგ სხვა ხუთ გუნდთან ერთად 7 ქულა აქვს, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ცხრილში პირველ ადგილზეა.
ყველა ახალი ამბავი
0