სახელოსნო, სადაც სასწაული ხდებოდა და ახალმოსახლეობის დროს გაჩენილი იდეა

© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილი
ნატალია მინდიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
ბავშვობაში თეატრზე ოცნებობდა, მართალია, მსახიობი ვერ გამოვიდა, მაგრამ მისი პროფესია მაინც სცენასთან იყო დაკავშირებული – რუსთაველის თეატრში რეკვიზიტორი იყო და ბუმბერაზ მსახიობებთან მუშაობის ბედნიერება ჰქონდა.
ცნობილ სპექტაკლებში „ქალი-გველი“ და „მეთორმეტე ღამე“ მოქმედი გმირების თავსაბურავები მისი მოხატულია, „ჰამლეტში“ თემიკო ჭიჭინაძის გმირის ჰორაციოსთვის აქსესუარები საკუთარი ხელით დაამზადა.
საუბარია ნატალია მინდიაშვილზე, რომელიც ხელოვანების ოჯახში გაიზარდა. სამხატვრო აკადემიაში ტექსტილის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. ხელოვანი, რომელიც ხუთი შვილის დედაა, ახლა მეგობართან ერთად დაარსებულ სახელოსნოში „დეკ.არტი" მუშაობს. გალერეა „თაგის არტში“ მისი ორი პერსონალური გამოფენა გაიმართა.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილი
ნატალია მინდიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ნატალია მინდიაშვილი
- ქალბატონო ნატალია, სამხატვრო აკადემია დაამთავრეთ, მხატვრობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?
- არა, ბავშვობაში ჩემი ოცნება თეატრი იყო. ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. დედა და მამა მსახიობები იყვნენ, ბაბუა, ანზორ ქუთათელაძე რეჟისორი იყო, ბიძა, არჩილ მინდიაშვილი – არქიტექტორი, სამების საკათედრო ტაძრის ხუროთმოძღვარი იყო. მთელი ბავშვობა არაჩვეულებრივ გარემოში მიწევდა ყოფნა. ფაქტობრივად თეატრში ვიზრდებოდი, მშობლებთან ერთად გასტროლებზეც დავდიოდი. გადამწყვეტი როლი პროფესიის არჩევაში სკოლამ ითამაშა. მეცხრე კლასში, როცა სკოლაში დიფერენცირებული სწავლება შემოიტანეს, კლასები სხვადასხვა მიმართულებით დაიყო. მე ხელოვნების კლასი ავირჩიე და იქიდან მოყოლებული სერიოზულად მივუდექი ხატვა-ფერწერას. გამოყენებითი ხელოვნება უფრო მიზიდავდა და სწორედ ამ განხრით გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- ტექსტილზე მუშაობა ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში დაიწყეთ?
- ჩვენი ჯგუფი იყო პირველი, რომელმაც მოცულობით ტექსტილზე იმუშავა. ძალიან მოგვწონდა ექსპერიმენტები. ნამდვილი სახელოსნო გვქონდა მოწყობილი და იქ ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობდით. დრო ისე გარბოდა, რომ ვერც ვამჩნევდით როგორ გვაღამდებოდა. თანაც, არაჩვეულებრივი პედაგოგები გვყავდა: გივი ყანდარელი, თამაზ ნუცუბიძე, თინა კლდიაშვილი, მედეა ჩიხლაძე, ეკა აბულაძე. მახსოვს, ჩაბნელებულ აკადემიაში მხოლოდ ჩვენი ჯგუფი იყო. ზოგი გობელენს ქსოვდა, ზოგი ბატიკაზე ვმუშაობდით. უამრავ გამოფენაში ვიღებდით მონაწილეობას. ძალიან საინტერესო სტუდენტობა გვქონდა.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- თქვენი ოცნება, რომ სცენასთან გქონოდათ შეხება, ნაწილობრივ ასრულდა...
- თეატრში მუშაობის პერიოდი ყველაზე საინტერესო და თავგადასვლებით აღსავსე წლები იყო ჩემს ცხოვრებაში. დიდი სიამოვნება იყო ბატონი რობერტის რეპეტიციებზე დასწრება. მხატვრების სახელოსნოში სასწაული ხდებოდა!.. მე წილად მხვდა ბედნიერება, რომ მირიან შველიძის, გოგი ალექსი-მესხიშვილისა და თემო ნინუას მუშაობის პროცესისთვის მედევნებინა თვალი. თან დროს არ ვკარგავდი და ჩემს ოთახშიც სულ რაღაცას ვაკეთებდი.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- დღეს პატარა სახელოსნო დააარსეთ, რაზე მუშაობთ?
- რადგან ძირითადად გამოყენებით, დეკორატიულ ნივთებზე ვმუშაობდით, სახელიც შესაბამისი შევურჩიეთ – დეკორატიული არტი, შემოკლებით „დეკ.არტი“. თავიდან ჩვენთვის ვმუშაობდით და გამოფენისთვის ვემზადებოდით. ეს პატარა სახელოსნო ორ მეგობართან ნანუკა გიორგობიანთან და ნინო იაგორაშვილთან ერთად შევქმენი. შემდეგ ახლობელმა ადამიანმა ჩვენი ნამუშევრები ნახა და შემოგვთვაზა მისი კომპანიისთვის ხელნაკეთი ნივთები დაგვემზადებინა. ეს იყო პირველი დიდი გამოწვევა ჩვენი პატარა სახელოსნოსთვის. ერთ შეკვეთას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და მას შემდეგ არ გავჩერებულვართ. დღეს ვმუშაობთ სხვადასხვა მასალაში, ესენი ძირითადად ხელით მოხატული ხის აქსესუარებია სხვადასხვა დანიშნულებისათვის, ასევე ნივთები ინტერიერისთვის.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- პედაგოგიურ საქმიანობაზე რას იტყვით?
- კერძო სკოლაში „ქართული სასწავლებელი" ხელოვნების წრეს ვხელმძღვანელობ. პირველად ოცი წლის წინ მივედი. იყო პერიოდი, როცა რიგი მიზეზების გამო ვეღარ ვმუშაობდი. ერთი სიამოვნებაა მათი ფუსფუსის ყურება, ვხედავ როგორ უხარიათ, როცა ვაქებ. სწავლის თეორიული მხარე არ მეხება, თუმცა ბავშვებს პატარ-პატარა ისტორიებს ყოველთვის ვუყვები ამა თუ იმ მხატვარზე. დღეს „ქართული სასწავლებლის“ გარეშე ჩემი თავი ვეღარ წარმომიდგენია.
© courtesy of Natalia Mindiashviliნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
ნატალია მინდიაშვილის ნამუშევარი
- ერთი საინტერესო იდეა თქვენი ახალმოსახლეობის დროს გაგიჩნდათ...
- ერთხელ ჩვენი ახალი ბინისთვის ნომერი შევქმენი. ჩემი მეუღლე ირაკლი ბოჭორიშვილი მხატვარია, ამჟამად ფეხსაცმლის დიზაინერია. სწორედ მან შემომთავაზა მომეფიქრებინა რაიმე ორიგინალური ჩვენი ბინისთვის, რადგან რეალურად ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რაც მოგვეწონებოდა. ასე რომ, პირველი ხელნაკეთი ნომერი საკუთარი ბინისთვის თავად შევქმენი. ჩემს ნომრებზე გადავიტანე უნიკალური ქართული ქსოვილები, რომელიც ამ პროექტის დახმარებით აღადგინეს. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს წამოწყება გაამართლებდა. ჩემდა გასახარად მთელი ოჯახი ჩაერთო ამ ამბავში. მთავარია ენთუზიაზმი არ გაქრეს და უფლის იმედი არ დავკარგოთ. მეტი პოზიტივი, სიყვარული და რწმენა გვქონდეს იმისა, რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება! რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0