ფსიქიატრიულ კლინიკაში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
პატიმარი რამდენიმე დღის განმავლობაში კავკასიის მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. გარდაიცვალა დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მკურნალობდა.
აღძრული საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა.
პატიმარი მოათავსეს ცენტრის მესამე სართულზე მდებარე სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა.
ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, 20 აგვისტოს, დილით ესკორტის ოფიცერი სამსახურებრივი იარაღით „წინდახედულობის ნორმის დაუცველად“ გადაადგილდებოდა.
სროლა ფსიქიატრიულში: სასამართლომ ესკორტის ოფიცერი პატიმრობაში დატოვა>>
ბრალდებული პატიმარი უკნიდან მიეპარა ბადრაგის თანამშრომელს, ამოაცალა მას ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, შემდეგ თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.
გურამ სვანიძეს ოპერაცია ჩაუტარდა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში კავკასიის მედიცინის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0