სროლა ფსიქიატრიულში: სასამართლომ ესკორტის ოფიცერი პატიმრობაში დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliჟურნალისტები სასამართლოს შენობასთან
ჟურნალისტები სასამართლოს შენობასთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
გამოწერა
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი პატიმრობაში დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს ითხოვდა.
ესკორტის ოფიცერ ვალერი გოზალიშვილს ბრალდება სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთმა პატიმარმა, რომელიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოფიცერს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა, რომლითაც ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი თავის არეში ჭრილობა მიიყენა.
თავის არეში დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა. ის კავკასიის მედიცინის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ოჯახი მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0