არასამთავრობოებმა პოლიტიკური პარტიების სცენა არ უნდა დაიკავონ - თალაკვაძე

© courtesy of Archil Talakvadzeარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2022
გამოწერა
დადგა დრო, თავის ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდეს სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც პარტიებისთვის განკუთვნილ სივრცეს ხშირად იკავებდა, აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე შეუერთდა პოლიტიკურ და ანტიკონსტიტუციურ მოთხოვნებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა პარლამენტში ISFED-ის მიწვევაზე იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, რომელსაც საარჩევნო კოდექსში შესწორებების შეტანის საკითხები უნდა განეხილა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაცია პროცესში ჩართვას შეძლებს მხოლოდ ნეიტრალიტეტის პირობით, ხოლო არასამთავრობოებმა ეს უფლება დაკარგეს, როცა პრემიერისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

„სამართლიანი არჩევნები“ საპროტესტო აქციაზე იმ მოთხოვნებს შეუერთდა, რომელიც იყო პოლიტიკური და ანტიკონსტიტუციურიც. რადგან საქართველოში ხელისუფლება ყალიბდება დემოკრატიული არჩევნების გზით, მაშინ დაყენებული მოთხოვნა იყო დესტრუქციული და ანტიდემოკრატიული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ახლა, როდესაც ობიექტური დრო დადგა მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობისა ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, აღმოჩნდა, რომ მაშინ მიღებულმა „გაუაზრებელმა და არასწორმა ნაბიჯებმა“ ხელი შეუშალა სამუშაო პროცესს.
„ამის გამოსწორებისა და შეცვლის ერთ-ერთი სწორი გზაა ის, რომ სამოქალაქო სექტორის ის ნაწილი, რომელიც ხშირად იკავებდა პარტიებისთვის განკუთვნილ სივრცეს, თავის ბუნებრივ ადგილს დაუბრუნდეს და ეს ღიად უნდა ითქვას, შემდეგ შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას წარედგინა ფაქტობრივი მტკიცებულება იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლის შედეგები შეცვლილი და პრაქტიკულად გაყალბებული იყო. არასამთავრობო ორგანიზაციას მაშინ ამის საჯაროდ აღიარება მოუწია, ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, დასძინა მან.

„ახლა ამის უარყოფა ერთად მუშაობას ხელს უშლის. მიგვაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი სცენის და სივრცის დაკავება არასწორი იყო, რაც აზიანებდა და საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო საზოგადოების იდეას. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეს პოზიცია სწორი იყო და დღეს ამ სირთულეების წინაშე დავდექით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მანამდე ISFED-ის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ ორგანიზაცია მთავრობის გადადომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. მან ასევე აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასდროს გამოუთქვამს სურვილი, მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ.
მიკერძოებული არ ვართ: ISFED–მა „ქართული ოცნების“ ბრალდებებს უპასუხა>>
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, ხელისუფლებას მოუწოდა, ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე წარმოადგენს ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ პირობას.
„არაჯანსაღი სოლიდარობა“ - პაპუაშვილმა არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა>>
ამასთან, აშშ-ის საელჩო გამოესარჩლა არასამთავრობო ორგანიზაციას, ISFED-ის მიერ გაწეულ სამუშაოს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის უარის თქმა სამუშაო პროცესში მონაწილეობაზე პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკომისიის რეკომენდაციებს.
მმართველი პარტიისთვის საელჩოს განცხადება „შოკისმომგვრელი“ გახდა, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობაა, ამიტომ მათი ჩართვა სამუშაო პროცესში გამორიცხულია.
ყველა ახალი ამბავი
0