„არაჯანსაღი სოლიდარობა“ - პაპუაშვილმა არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილმა
შალვა პაპუაშვილმა - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას უკან წაიღებს, განაცხადა სპიკერმა
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების გასვლა სამუშაო ჯგუფებიდან, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პირობების შესრულებაზე მუშაობენ, არის „არაჯანსაღი სოლიდარობა“ და „კორპორატივიზმი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ ერთბაშად ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აჩერებს მონაწილეობას მმართველი პარტიის ყველა სამუშაო ჯგუფში მანამ, სანამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED) არ დაუშვებენ საპარლამენტო არჩევნების საკითხებზე მომუშავე ჯგუფში.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
„თითქოს ეს არის გარკვეული სოლიდარობის ჩვენება, მაგრამ ეს არის არაჯანსაღი სოლიდარობა. ზღვარი სოლიდარობასა და კორპორატივიზმს შორის არის ძალიან ვიწრო და სამწუხაროდ, სწორედ ამ დროს ხდება ზღვარის გადალახვა. ნაცვლად ჯანსაღი სოლიდარობისა, ჩვენ ვხედავთ კორპორატივიზმს, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, მაშინ ISFEED ერთი თვის განმავლობაში მალავდა ხმების პარალელური დათვლის რეალურ შედეგებს. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ორგანიზაციას შედეგების გამოცხადების თხოვნით მიმართა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დისტანცირდნენ ამ თემიდან და არ უნდოდათ კრიტიკა გამოეთქვათ კოლეგა ორგანიზაციის მიმართ.
„სწორედ არაჯანსაღი სოლიდარობა დააფიქსირა ახლაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა კორპორატივიზმი“, - აღნიშნა მან.
პაპუაშვილმა ისიც გაიხსენა, რომ 24 ივნისს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ISFEED-ი იყო. მაშინ „სამართლიანმა არჩევნებმა“ სხვა ორგანიზაციებთან ერთად პარლამენტს ერთკვირიანი ულტიმატუმი წაუყენა მთავრობის დათხოვნისთვის და „ტექნიკური მთავრობის“ ასარჩევად, რომლის ფორმირებაში არასამთავრობო ორგანიზაციებს გადამწყვეტი ხმა ექნებოდათ.
პაპუაშვილის თქმით, ეს ულტიმატუმი ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, რადგან ხალხმა ამ რადიკალურ მოთხოვნას ზურგი აქცია, მაგრამ ეს მოთხოვნა „ჯერ კიდევ ჰაერში კიდია“ და ულტიმატუმი მოხსნილი არ არის.
სპიკერის თქმით, „ისფედი“ დღესაც არ აპირებს უარის თქმას ძველ პოზიციაზე, ამიტომაც ისინი არ მოიწვიეს სამუშაო ჯგუფში. არასამთავრობო ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას უკან წაიღებს, განაცხადა სპიკერმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების ძალა საქართველოში: სკანდალი მწვავდება >>
მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, მაგრამ მათ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგეს, როდესაც ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაყენებას.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყოს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0