არასამთავრობო ორგანიზაციების ძალა საქართველოში: სკანდალი მწვავდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
მმართველმა პარტიამ არ მიიწვია „სამართლიანი არჩევნები“ პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. ერთბაშად ოთხმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დატოვა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შეიქმნა, და დაადანაშაულა მმართველი პარტია იმაში, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მონაწილეობას ზღუდავს.
მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა. როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩაერთონ პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ, მაგრამ მათ ეს ნეიტრალიტეტი დაკარგეს, როდესაც ითხოვდნენ პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადაყენებას.
„ISFED-ის სამუშაო ჯგუფში დაშვებამდე, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები - „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - დროებით ვაჩერებთ მმართველი პარტიის ინიციატივით შექმნილ ყველა სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პირდაპირ დაადანაშაულეს ხელისუფლება, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობა იზღუდება.
„საპარლამენტო კომიტეტებთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის სურვილი არაერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ თანამშრომლობა მხოლოდ მათ მიერ განსაზღვრული პირობებით და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობა უკიდურესად ლიმიტირებული რაოდენობით შემოგვთავაზა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველ პარტიაში უარყვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეზღუდვები არსებობს.
„არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ შეგვიზღუდავს და არც ვაპირებთ. ამ ორგანიზაციას აქვს თავისი მიდგომა შესაცვლელი. მან უნდა აირჩიოს, ან არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ან არის პოლიტიკური ორგანიზაცია“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამავე დროს დეპუტატმა აღნიშნა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მონაწილეობის საკითხს მომდევნო სხდომაზე ჯგუფის ხელმძღვანელი გადაწყვეტს.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომელიც ევროკომისიასთან ერთად აკვირდება პირობების შესრულებას, მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის პირობების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა უზრუნველყოს.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობა ასევე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 1995 წელს დაარსდა საარჩევნო პროცესებზე სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით. დაარსების მომენტიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოში ჩატარებულ 20-ზე მეტ არჩევნებში მონაწილეობდა დამკვირვებლის სტატუსით.
ყველა ახალი ამბავი
0