ქართული დელეგაცია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში შეხვედრებს გამართავს

© photo: Sputnikთემურ ფიფია
თემურ ფიფია - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
გამოწერა
იგეგმება სავიზო რეჟიმის გამარტივების ან მოხსნის საკითხის განხილვა.
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. ქართული საზოგადოების დელეგაცია სექტემბრის ბოლოს მოსკოვს ეწვევა, რათა განიხილოს ქართულ–რუსული ურთიერთობები და ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების გადაჭრის გზები, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალი სოციალისტური მოძრაობის“ კოორდინატორის თემურ ფიფიას განცხადებაში.
ქართული დელეგაცია შეხვედრას გამართავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველ რიგში იგეგმება ჰუმანიტარული ხასიათის საკითხების განხილვა, როგორიცაა სავიზო რეჟიმის გამარტივება ან გაუქმება, პირდაპირი ავიარეისების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის.
ფიფიას ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან როგორც კონსერვატიული, ისე სოციალისტური პლატფორმის პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, „რომლებიც გაერთიანებული არიან რუსეთთან მეგობრობის, მტკიცე სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენის საერთო მიზნის გარშემო“.

„ვეცდებით შევქმნათ სახალხო დიპლომატიის ქართულ-რუსული მუდმივმოქმედი „მოედანი“. რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული წინააღმდეგობები უცილობლად იქნება დაძლეული!“ – ნათქვამია განცხადებაში.

თემურ ფიფიამ მადლობა გადაუხადა რუსეთის სათათბიროს კომიტეტს დსთ-ის საკითხებში იმ დადებითი როლისთვის, რომელსაც ის საქართველოს მოსახლეობის წინაშე მდგარი ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში ასრულებს.
ფიფიამ ასევე აღნიშნა ახალგორის რაიონში გამშვები პუნქტის გახსნის მნიშვნელობა, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებს.
„ჩვენ ვიცით კომიტეტის დადებითი როლის შესახებ ზემოხსენებული გამშვები პუნქტების ამოქმედების საქმეშიც, რაც გარკვეულ შვებას მოუტანს როგორც ქართულ, ისე ოსურ ადგილობრივ მოსახლეობას“, – აღნიშნა ფიფიამ.
მისი თქმით, ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, გადალახონ გამყოფი ზოლი გამშვები პუნქტების მეშვეობით. გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონის შესასვლელში 2019 წლის 5 სექტემბერს დაიკეტა.
„ოსური მხარის ეს გადაწყვეტილება შესაძლებელი გახდა ღარიბაშვილის მთავრობის სწორი და მოზომილი საგარეო პოლიტიკის შედეგად, რამაც საქართველოსა და რეგიონს აარიდა ვითარების დაძაბვა და განამტკიცა მშვიდობა“, – ნათქვამია ფიფიას განცხადებაში.
მისი თქმით, ამ სასიკეთო ცვლილელებისთვის ძალისხმევა გამოიჩინეს არა მარტო საქართველოს მთავრობამ, არამედ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ბევრი მეგობარი ჰყავთ რუსეთში. საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც წლებია სახალხო დიპლომატიას ემსახურებიან, კარგი ურთიერთობები აქვთ რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან, აღნიშნა ფიფიამ.
კარასინი: დასავლეთი ჟენევის დისკუსიების ჩაშლას ცდილობს>>
„მადლობას ვეუბნებით სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, დადგნენ ჩვენი ხალხების ინტერესების სიმაღლეზე და არ აჰყვნენ ქართული რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს! იგივე თხოვნა გვაქვს რუსეთის ხელისუფლების მიმართაც“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს მას შემდეგ, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.
მხარეებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის გრიგორი კარასინს შორის შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება.
რუსეთმა ავიამიმოსვლა საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულში აკრძალა, მას შემდეგ, რაც საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა და ამას საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
ყველა ახალი ამბავი
0