რას ვჭამთ: ბათუმში 2,5 ტონა საეჭვო ხორცი გამოავლინეს

© Sputnik / Alexander Imedashviliხორცი ბაზარში
ხორცი ბაზარში - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2022
გამოწერა
მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები, დაილუქა 10 ტონამდე ხორცი.
თბილისი, 21 აგვისტო - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი დალუქეს და გაანადგურეს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს. კერძოდ, სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც შემოწმდა ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტების ნაწილი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა ზოგ მათგანში გამოვლინდა ისეთი სახის შეუსაბამობები, როგორიცაა
სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა
ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე (პირუტყვის დაკვლა სასაკლაოს გვერდის ავლით)
ტანხორცის არასათანადო დანაწევრება, როცა არ იყო მოცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი მაღალი რისკის პათოგენური მასალა.
ბაზარში ასევე ჩატარდა დასუფთავებისა და რეცხვა-დეზინფიცირების სამუშაოები.
უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში შემოწმდა 800-მდე ობიექტი, მათ შორის სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. დაილუქა 10 ტონამდე ხორცი.
აკრძალული, ან მაღალი ტემპერატურის გამო გაფუჭებული ხორცის რეალიზაციის თავიდან ასაცილებლად, სურსათის ეროვნული სააგენტო პრევენციულ რეიდებს ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0