სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება

© courtesy of Otar Tchiladzeოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა... არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც...
აზრების ფოიერვერკი წარმოგიდგენთ მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემოქმედს — ოთარ ჭილაძეს.
ოთარ ჭილაძე (1933-2009) — მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. 1998 წელს ჭილაძე, მსოფლიოს ხუთ სხვა მწერალთან ერთად, ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში.
სამშობლო ოჯახიდან იწყება და თუ ოჯახს მოუშლი კაცს, ცოლს გაუბახებ, შვილს ნაბიჭვრად გამოუცხადებ, მისთვის სამშობლო ჩვეულებრივ მიწაწყლად იქცევა მხოლოდ, საძოვარ და სათეს ფართობად, რომელიც არსად არ იწყება და არც არსად მთავრდება, რადგან ცის ქვეშეთში მიწა ყველგან მიწაა და წყალი ყველგან წყალია. მაგრამ იმას, ოჯახმოშლილს, ცოლგაბახებულს, შვილდაკარგულს, ქვეყნის მკვიდრი კი აღარ ჰქვია, არამედ მაწანწალა, რომლისთვისაც უკვე სულ ერთია, რომელ ცის ქვეშ, რომელ ჭიშკართან გამოუტანენ სამადლოდ ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ წყალს.
ცოლი კი სხვაა, ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ, რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი, მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა, ბედის კი არა — უბედობის.
ყველა ცხოვრებისეული გზა უაზროა, გარდა ერთისა>>
ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, დედისა კი ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება, რადგან არ მოიპოვება, არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი.
დარწმუნებული ვარ, ადამიანს ოდესღაც მართლა ჰქონდა უკვდავების წამალი, მაგრამ თვითონვე გაანადგურა იგი, რადგან ვერ ჩაწვდა უკვდავების აზრს. უფრო სწორედ, იმის წარმოდგენამ შეზარა, მარადიული მოწმე რომ იქნებოდა საკუთარი თუ სხვისი მონობისა. მაგრამ მაინც ვერ შეელია უკვდავებას და ღმერთი მოიგონა. კი არ მოიგონა, უკვდავებაზე სინანულმა გაუჩინა ღმერთი, უკანონო შვილივით, რადგან ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა სინდისის ქენჯნა, მოწმისათვის განკუთვნილი სასჯელი, რომელიც ხელს უშლის ადამიანს მოიშოროს მონობისკენ მიდრეკილება. ხოლო სანამ ადამიანი მონაა, სულ ერთია ჭლექი მოკლავს იმას თუ ღორმუცელობა.
ნაკვალევი თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2021
ამაოება ამაოებათა – როცა ყველაფერი აკრძალულია, მაშინ ყველაფერი ნებადართულია
ისე, კაცმა რომ თქვას, ადამიანი სწორედ თავისი სისუსტეებითაა საინტერესო. უფრო მეტიც, სისუსტეებითაა ძლიერი, ყოვლისშემძლე, ყოვლის ამტანი. შეიძლება ითქვას, ადამიანის ჭეშმარიტ სახეს მისივე სისუსტეები განაპირობებს. ადამიანი სუსტი რომ არ იყოს, არც გაფრენის სურვილი გაუჩნდებოდა ალბათ.
რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ, მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს.
თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი, როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები, ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები. ქვეყანას აიკლებ ამაო წუწუნით, კვნესითა და მუდარით. არ მინდა, მეშინია… სამარცხვინო საქციელია და მეტი არაფერი. ფუი ამისთანა სიცოცხლეს.
სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია>>
არც სულ სიცოცხლე ვარგა და არც სულ სიკვდილი, როდისმე ერთიც მოგწყინდება და მეორეც. თანაც ვინ იცის, ან თუ იცის, საიდან იცის, სიცოცხლე რომ ჯობია სიკვდილს. მესამე გზა არ არსებობს, ან მკვდარი უნდა იყო, ან ცოცხალი. ანდა, როგორც ინდოელებს სჯერათ, რამდენჯერმე უნდა იბადებოდე…
ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის...
მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება. მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე…
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
ლამაზი, მოქეიფე, უდარდელი: ქვეყანა, სადაც სანიმუშოცა და საძრახისიც ერთნაირად ფასობს
მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება…
სიყვარულიც თავისებური ომია, განსაკუთრებული სახეობაა ომისა და დაპირისპირებისა, ოღონდ, ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების უნარი მეტი აღმოაჩნდება. ამიტომაც არის ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობ გასაგები გახდეს ვინმესთვის…
ყველა ახალი ამბავი
0