ეროვნული ვალუტის გამყარება გაგრძელდება, მაგრამ დიდხანს არა - ექსპერტის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის მოქმედებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია და გამყარებული ლარი გააუფასურა, განაცხადა ექსპერტმა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა კვლავ გამყარდება, ხოლო შემოდგომიდან გაუფასურებას დაიწყებს, განაცხადა საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ.
ქართული ეროვნული ვალუტა უწყვეტად მყარდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. 13 აგვისტოდან კი ლარის გაუფასურების ტენდენცია გაჩნდა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნული ბანკი ნელ-ნელა დაასტაბილურებს ლარის კურსს 2,75 GEL/$1-ის ფარგლებში. საბოლოოდ კი შემოდგომაზე კვლავ გაუფასურება მოხდება“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

ექსპერტის თქმით, ბოლო დღეებში მომხდარი ლარის დევალვაცია უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ 10 აგვისტოს აუქციონზე 40 მლნ დოლარის შეძენის გადაწყვეტილებას - ლარის საშუალოშეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ შეადგინა 2,7096 GEL/$1.
ეროვნულმა ბანკმა 2022 წლის მაისში ვალუტა პირველად იყიდა 2019 წლის ივნისის შემდეგ. გასულ კვირაში განხორციელებული შესყიდვა სამი თვის განმავლობაში მეოთხე აღმოჩნდა. სულ შესყიდულია 80 მლნ დოლარი. მანამდე მარეგულირებელი მხოლოდ დოლარს ყიდდა ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიზნით.

„10 ან 20 მილიონი რომ შეესყიდა, ასეთი რეზონანსი არ იქნებოდა. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სპეკულაციების უფლება მისცა. ეროვნული ბანკის მოქმედებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია და გამყარებული ლარი გააუფასურა“, – განმარტა ექსპერტმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები იზრდება >>
შენგელიამ აღნიშნა, რომ ლარის გამყარება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. პირველ რიგში ეს განპირობებულია დიდი თანხებით, რომლებიც ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით შემოედინება.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–ივლისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა და 2.092,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

„მეორე ფაქტორი არის რუსეთში არსებული სიტუაცია, რომელიც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილს იკავებს. დოლარზე მოთხოვნა არ არის, რადგან იმპორტის დროს საქონლის შეძენა რუბლებში ხდება. ამან ქართული ვალუტის გამყარება გამოიწვია“, – განაცხადა შენგელიამ.

რას ფიქრობს ხელისუფლება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, ყოველდღიური მონაცემებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კურსი მერყევი იყოს, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ლარი იქნება სტაბილური, ამას უზრუნველყოფს ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
ლარის გაცვლითი კურსი მარტის პირველი რიცხვებისთვის 3,4 GEL/$1 დონემდე შემცირდა, შემდეგ კი ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ზრდამ ამ პერიოდში დაახლოებით 20,3% შეადგინა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი: ლარის კურსი უახლოეს მომავალში სტაბილური იქნება >>
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 17 აგვისტოს 2,8019 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0142 ლარით გაუფასურდა.
ყველა ახალი ამბავი
0