ყველაზე კეთილშობილური პროფესია - სტამბულის კლინიკის ქართველი მეან-გინეკოლოგი

© courtesy of Tea Tavadzeექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად
ექიმი თეა თავაძე პაციენტთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
თავდაპირველად შეგახსენებთ ჰიპნოზის ზუსტ განმატებას: ის ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ძილს, ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას, რომელიც ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონების მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით.
ახლა კი გვსურს გაგაცნოთ თურქეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ფეხმძიმე ქალებს ამშობიარებს.
თეა თავაძე სტამბულის ერთ-ერთი კერძო სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიური კლინიკის Atlas Üniversitesi Edicine hospital წამყვანი სპეციალისტია, რომელმაც ამავე კლინიკაში წყალში მშობიარობის განყოფილება დააარსა. ექიმი რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებსაც ფლობს და კლინიკაში მუშაობის პარალელურად ლექციებსაც კითხულობს.
© photo: courtesy of Tea Tavadzeთეა თავაძე
თეა თავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
თეა თავაძე
- ქალბატონო თეა, თავის დროზე საქართველოში რა თემაზე დაიცავით დისერტაცია და რატომ გაგიჩნდათ სტამბულის კლინიკაში მუშაობის სურვილი?
- დიპლომი დავიცავი ისეთ თემაზე, როგორიცაა ვაგინალური ექოსკოპიის როლი ადრეული ორსულობის პერიოდში, რაც შემდგომ წიგნის სახით გამოიცა. ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თურქეთის სამედიცინო განათლების დონემ. გადავწყვიტე ისევ დავბრუნებულიყავი სტამბულში და მაგისტრატურაში აქ ჩამებარებინა. ძალიან დიდი შრომისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ (რისთვისაც სამი წელი დამჭირდა) მარმარის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში მოვხვდი მეან-გინეკოლოგის სპეციალობაზე, სადაც ექვსი წელი ვისწავლე და ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტი ვიყავი.
© photo: courtesy of Tea Tavadzeთეა თავაძე
თეა თავაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
თეა თავაძე
- რამდენად უსაფრთხოა პაციენტისთვის ჰიპნოზით მშობიარობა?
- ეს ახალი ტენდენციაა თურქეთში და ჩვენი უნივერსიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე იქნება, სადაც ჰიპნოზით მშობიარობა განხორციელდება. ეს გახლავთ სრულიად უსაფრთხო მეთოდი, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე. მშობიარობის შემდეგ პაციენტი რამდენიმე წამში გარკვეული მითითების შემდეგ ისევ უბრუნდება ჩვეულებრივ მდგომარეობას. თავიდან ორსულობის პერიოდში შთაგონების მეშვეობით ვახერხებთ პაციენტის ქვეცნობიერის კონტროლს, რომელიც მშობიარობის პერიოდში ექიმის მითითებებს ექვემდებარება. გარდა იმისა, რომ მეან-გინეკოლოგი ვარ, დამატებით ვფლობ რადიოლოგიისა და ფსიქოთერაპიის სერტიფიკატებს, რომელსაც მხოლოდ ჩემ სპეციალობაში ვიყენებ.
© photo: courtesy of Tea Tavadzeთეა თავაძე სამუშაო გარემოში
თეა თავაძე სამუშაო გარემოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
თეა თავაძე სამუშაო გარემოში
- სამშობლოში ჩამოსვლა და საქმიანობა თუ შედის თქვენს გეგმებში?
- მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი კლინიკებიდან სერიოზული შემოთავაზებები მქონდა, საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლას ჯერჯერობით არ ვაპირებ, ვინაიდან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტი პროფესიონალური გეგმების განხორციელებაა. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, თბილისი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ცხოვრობენ. იქ ძალიან ხშირად ჩავდივარ ოჯახთან ერთად. ჩემი მეუღლე მაჭახელის ხეობაშია დაბადებული. ჩემი შვილები ქართულს ძალიან კარგად ფლობენ და კარგად იციან, რომ საქართველო მათი მშობლიური ქვეყანაა...
© photo: courtesy of Tea Tavadzeთეა თავაძე ოჯახთან ერთად
თეა თავაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
თეა თავაძე ოჯახთან ერთად
- ამჟამად რა სახის კვლევებს აწარმოებთ, რაზე მუშაობთ?
- ამ ეტაპზე საერთაშორისო კლინიკის თანამშრომლებთან ერთად ვმუშაობ თემაზე, რომელიც ეხება ორსულობამდე და ორსულობის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგებს მშობიარობის პერიოდში. ვაწარმოებ გარკვეულ კვლევებს და ვახორციელებ ფიზიოლოგიურ მშობიარობას პირველი, მეორე და მესამე საკეისროს შემდეგ, რომელიც ძალიან რთული პროცესია. თურქული ტრადიციები მრავალშვილიანობის მომხრეა, საკეისრო კვეთა კი მრავალშვილიანობას, ასე თუ ისე, აფერხებს. მე, როგორც ერთ-ერთი მეან-გინეკოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი, რთულ მშობიარობებს ვუწევ მეთვალყურეობას. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, რომელიც მიმაჩნია, რომ ყველაზე კეთილშობილურია სამყაროში, რადგან ახალი სიცოცხლის დაბადებას უწყობს ხელს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0