„კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში“: რეგულატორმა მასმედიის პრეტენზიებს უპასუხა

© photo: Sputnikთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2022
გამოწერა
კომუნიკაციების ეროვნული კომისია დადგენილ ვადებში უშუალოდ შეაფასებს სადავო ვიდეორგოლის შინაარსს.
თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს, განიხილოს რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, და ოპოზიციური ტელეარხების პრეზენტიები უსაფუძვლოა, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
ოპოზიციურმა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“, „მთავარმა არხმა“ და „TV პირველმა“ კომისიის მიერ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მათ მიმართ საჩივრის მიღების საპასუხოდ განაცხადეს, რომ კომისიას ამ საკითხის განხილვის უფლება არ ჰქონდა, რადგან პარტიის პრეტენზიები სოციალური რეკლამის შინაარსს უკავშირდება და რგოლის ავტორების მიმართ უნდა იყოს მიმართული.

„კანონმდებლობის თანახმად, სამაუწყებლო რეკლამის განთავსების მართლზომიერების გადაწყვეტა კომუნიკაციების კომისიის კომპეტენციაა, შესაბამისად, როგორც სოციალური რეკლამის, ისე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების საკითხი სწორედ კომუნიკაციების კომისიის განსახილველია“, – ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჩივრის მიუღებლად აღიარებისთვის კომისიის მხრიდან არანაირი საფუძველი არ ყოფილა, რადგან როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური რეკლამა კომისიის მეთვალყურეობის სფეროში შედის.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
„კანონის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია არსებითი განხილვის ფორმატში შეაფასებს უშუალოდ სადავო ვიდეორგოლის შინაარსს, განსაზღვრავს მის კატეგორიას და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას რეკლამის ეთერში განთავსების კანონიერებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ ტელევიზიების წინააღმდეგ - საქმეს კომუნიკაციების კომისია განიხილავს>>
კომისიაში აღნიშნავენ, რომ რეკლამის კანონიერების საკითხი მკაფიოდ არის რეგლამენტირებული კანონმდებლობით და მაუწყებლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი ვალდებულებაა, არ დაარღვიონ კანონი.
რაზეა დავა
მმართველი პარტიის საჩივარში საუბარია ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ დაკვეთით ტელეარხებზე „ფორმულა“, „მთავარი არხი“ და „TV პირველი“ გასულ სარეკლამო რგოლზე.
ვიდეორგოლში ნაჩვენებია პირობითი ოჯახის რეაქცია მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასაცავად პარტიის წარმომადგენლის განცხადებაზე, ევროპარლამენტის კრიტიკაზე, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებაზე და ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებით. ვიდეორგოლის არცერთი მონაწილე, როდესაც ამ ყველაფერს ტელევიზორში უყურებს, არცერთ სიტყვას არ ამბობს, ნაჩვენებია მხოლოდ მათი სახეები და ემოციები. ვიდეორგოლს მოჰყვება „სირცხვილიას“ მოწოდება აქციაზე წასვლისკენ.
„სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული აქცია პარლამენტის წინ 24 ივნისს ჩატარდა – ერთი კვირის მერე მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ორგანიზატორებმა აქციაზე წამოაყენეს მთავრობის გადადგომისა და ახალი, ტექნოკრატული მინისტრთა კაბინეტის შექმნის მოთხოვნა ეროვნული თანხმობის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0