საქართველოში ტირში საკუთარი იარაღის შეტანა დაუშვეს

© photo: Sputnik / Said Zakeriya / გადასვლა მედიაბანკშიიარაღი
იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2022
გამოწერა
ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეები დროებითი მოწმობის საფუძველზე ტირში ან სასროლეთში იარაღის შეტანას შეძლებენ
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეებს ტირში ან სასროლეთში მისი შეტანის უფლება მიენიჭათ, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ტირში ან სასროლეთში საკუთარი იარაღით შესასვლელად დროებითი მოწმობა იქნება საჭირო, რომლის საფუძველზე საკუთარი იარაღის აღნიშნულ ადგილებში შეტანა არაუმეტეს კვირაში ერთხელ იქნება შესაძლებელი.
ტირში შესაძლებელია მფლობელის სახელზე რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი ერთეული იარაღის და იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნების (ერთ იარაღზე არაუმეტეს 50 ვაზნა) შეტანა. ამასთან პირმა იარაღის გადატანის დროს თან უნდა იქონიოს იარაღის დროებით მოწმობა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა. ამავე დროს იარაღის გადატანა უნდა მოხდეს დაშლილ მდგომარეობაში სპეციალური ქეისით, როგორც ამას ტრანსპორტირების წესები მოითხოვს.
ტირში ან სასროლეთში იარაღის გადატანის მიზნით, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური წარმოადგენს ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი.
მომსახურების სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში გასცემს იარაღის დროებით მოწმობას, რომელშიც მითითებულია იარაღის ტირში ან სასროლეთში გადატანის და შენახვის ადგილზე დაბრუნების დროები.
დროებითი მოწმობის გარეშე იარაღის გადატანა ან გადატანის სხვა წესების დარღვევა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.
ამ დროისთვის მომსახურება ხელმისაწვდომია მომსახურების სააგენტოში, თუმცა უახლოეს მომავალში ნებართვის მიღება ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0