ღარიბაშვილი: დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის შეუპოვრობის უკვდავი მაგალითია

© photo: Sputnikდიდგორობა
დიდგორობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
პრემიერის თქმით, ცხრა საუკუნის წინ მოპოვებული გამარჯვება სახელმწიფოს გამთლიანებისა და განმტკიცების საფუძველი გახდა.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვება ქართველი ხალხის სიმტკიცისა და შეუპოვრობის, სამხედრო დიდების, გმირობისა და შემართების უკვდავი მაგალითია, რამაც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება განსაზღვრა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება – ძლევამოსილი ბრძოლიდან 901 წელი შესრულდა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დიდგორობა. დღეს ჩვენი დიდი ისტორიის და ჩვენი დიადი წარსულის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ", – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ცხრა საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება „ძლევაი საკვირველი", რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ერის გაერთიანების, სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა.
„დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი", – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მომავალ თაობას შეახსენა, რომ „ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები".
პრემიერი საქართველოს მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს>>
პრემიერის თქმით, დიდგორის ველზე არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ქართველების მხარეს იყო გაუტეხელი სული, ქართული სიმტკიცე, შეუპოვრობა, სიმამაცე და, რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მეფის, წმინდა დავით აღმაშენებლის სიბრძნე და სიმამაცე.
დიდგორის ველი, ტრადიციულად, ღია ცის ქვეშ მუზეუმად გადაიქცა. სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე მოეწყო საზეიმო ღონისძიებები, ქართული რეწვისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, წარმოადგინეს ტრადიციული სამოსი და კულინარია.
სტუმრებისთვის იმართება თეატრალიზებული წარმოდგენა და ქორეოგრაფიული პროგრამა, ასევე საჩვენებელი შეჯიბრებები დოღში, ჭიდაობასა და მკლავჭიდში.
1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიაში "ძლევაი საკვირველი" ეწოდა.
დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.
ყველა ახალი ამბავი
0