სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ ემუქრებიან - ომბუდსმენი გამოძიებას მოითხოვს

© press-service of the Ombudsmanნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
სოსო გოგაშვილს ბრალად ედება პერსონალური მონაცემების გავრცელება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად დაკავებული სოსო გოგაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველია, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გოგაშვილის ნათესავებმა გუშინ განაცხადეს, რომ გოგაშვილს, რომელიც №12 საპატიმროში იმყოფება, ოჯახის წევრების დაპატიმრებითა და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ადვოკატმა კი განაცხადა, რომ გოგაშვილი რამდენჯერმე გაიყვანეს საშხაპეში, სადაც მას მობილური ტელეფონით არაერთხელ დაელაპარაკა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მას და მის ოჯახს დაემუქრა.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა #12 დაწესებულებაში მყოფ იოსებ გოგაშვილთან, რომელმაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი", – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა ჩაატაროს, გამოძიების ფარგლებში უნდა გამოიკითხონ როგორც ზემოთ აღნიშნული პირები, ისე პენიტენციური დაწესებულების პერსონალი. ასევე საჭიროა დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უკვე მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რათა შეიქმნას ვიდეოჩანაწერების არქივი.
გარდა ამისა, ომბუდსმენმა სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა, გამოძიების პერიოდში უზრუნველყოს გოგაშვილის ოჯახის წევრების უსაფრთხოება.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალადს ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
გოგაშვილის საიდუმლო მასალები პროკურატურაშია - რა ინფორმაციამ გაჟონა სუსიდან>>
დაკავებამდე ერთი დღით ადრე გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქვს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები და მასალები უკვე გააცნო დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყოფილ მაღალჩინოსანს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0