ერთ კვირაში ექვსი პაციენტი - საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები იზრდება

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ექიმები ამბობენ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, ექიმები კვირაში ინფიცირების, სულ მცირე, ექვს ახალ შემთხვევას აფიქსირებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მედიკოსებს ბოლო 15 წელია ყირიმ-კონგოს ასეთი მზარდი მაჩვენებელი არ ახსოვთ.
ექიმების თქმით, ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევები გაორმაგებულია. ინფექციურ საავადმყოფოს ვირუსული ინფექციით კვირაში ექვსი პაციენტი აკითხავს. ინფიცირებულები არიან ერთი ოჯახის წევრები ან ახლო მეზობლები.
პაციენტების უმრავლესობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა ესაჭიროება. სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დაავადებულმა ექიმს დროულად მიმართოს, თვითმკურნალობა გარდაცვალების რისკებს ზრდის.
საქართველოში ყირიმ-კონგოს ინფექციის ანტივირუსული საშუალებების გამოყენებით მკურნალობის პროტოკოლი არსებობს.
საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა: ბოლო 7 თვეში 42 შემთხვევა დადასტურდა>>
საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადება 2009 წელს გაჩნდა. ყოველწლიურად ქვეყანაში 1-დან 15-მდე შემთხვევა ვლინდებოდა. მიმდინარე წელს საქართველოში ამ ინფექციის 44 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან სამი შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
2009 წლიდან დღემდე საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელების 164 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 21 ადამიანი გარდაიცვალა. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში 12,9% იყო.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
ყველა ახალი ამბავი
0