ბუწაშვილი: ბავშვები სიცხეში გარეთ თამაშს მოარიდეთ

© photo: Sputnik / Stringerბავშვები სიცხეში
ბავშვები სიცხეში - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ინფექციონისტი მშობლებს ურჩევს, სხეულის გადახურების შემთხვევაში ბავშვი გრილ ადგილზე მოათავსონ და ბევრი სითხე მისცენ.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მშობლებს მიმართავს, ბავშვები სიცხეს მოარიდონ, განსაკუთრებით, სიცხეში გარეთ თამაშს.
ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში არსებობს სხეულის გადახურების რისკი, განსაკუთრებით ბავშვებში.

„სხეულის გადახურებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი საერთო სისუსტე, ზოგჯერ შეიძლება გულის წასვლაც, თავის ტკივილი, ძილიანობა, ღებინება. განსაკუთრებით საშიში სიმპტომია დეზორიენტაცია. თუ ბავშვი სითხეს ვერ იღებს ან აღებინებს, საჭირო ხდება სითხის გადასხმა“, – დაწერა ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში.

მაია ბუწაშვილი მშობლებს ურჩევს, სხეულის გადახურების შემთხვევაში ბავშვი მოათავსონ გრილ ადგილზე, მისცენ ბევრი სითხე და ცივი ტილოს დადებით გაუგრილონ სხეული. გართულებულ შემთხვევებში კი სამედიცინო დახმარება აუცილებელია.
ზაფხული მზის დამწვრობის გარეშე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები>>
„სხეულის გადახურება განსაკუთრებით ადვილად ხდება ბავშვებში, რადგან ბავშვის ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ადაპტირება, ოფლის გამოყოფაც უფრო ნელა ხდება და გაუწყლოებასთან დაკავშირებული მოვლენებიც უფრო სწრაფად ვითარდება“, – აღნიშნავს ინფექციონისტი.
მისი განცხადებით, განსაკუთრებით საშიშია სიცხის დროს გაჩერებულ მანქანაში ბავშვის დატოვება. მცირედ ჩაწეული ფანჯრები არ არის საკმარისი სხეულის გადახურების თავიდან ასაცილებლად და 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაც საკმარისია იმისთვის, რომ გაჩერებულ მანქანაში ბავშვის გადახურებისთვის სარისკო ტემპერატურა იყოს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი>>
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0