ზაფხული მზის დამწვრობის გარეშე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
19:03 20.06.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023)
© AP Photo / Owen Humphreys / PAგოგონები ირუჯებიან პლაჟზე
© AP Photo / Owen Humphreys / PA
გამოწერა
ადამიანების უმეტესობა მოუთმენლად ელოდება ზაფხულის დადგომას, რადგან სურს დიდხანს დატკბეს მზით, სითბოთი და ზღვაში ან აუზში ცურვით.
საქართველოში სიცხის დადგომასთან ერთად იზრდება მზის სხივების ზემოქმედების შედეგად მიღებული სხვადასხვა ხარისხის დამწვრობის შემთხვევები. შემთხვევები ყველაზე ხშირად ისეთ გოგონებში ვლინდება, რომლებიც რუჯის სწრაფად მიღების მიზნით სხეულზე სხვადასხვა არასწორ საშუალებას ისვამენ და ამის გამო ზოგჯერ დამწვრობის ცენტრშიც ხვდებიან.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ყველას შეახსენებს, რომ რუჯი არავითარ შემთხვევაში არ არის ჯანმრთელობისა და ესთეტიკური სილამაზის საწინდარი. დერმატოლოგებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რუჯი – ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.
ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების მომატებულ რისკს.
მზის სხივებმა არა მარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს, მაგალითად, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.
მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება სხვადასხვა სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.
მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე საჭიროა ცივი კომპრესების დაფენა, ცივი აბაზანის მიღება, ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელის წასმა.
ექიმისთვის მიმართვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა, განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ), გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი ტკივილი.
სპეციალისტები კატეგორიულად აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ დამწვრობის შემდეგ არ შეიძლება მზეზე ყოფნა, ასევე დაუშვებელია დამწვრობის შედეგად გაჩენილი ბუშტუკების გახეთქვა.
© Sputnik / Alexander Imedashviliდამსვენებლები შავი ზღვის სანაპიროზე
დამსვენებლები შავი ზღვის სანაპიროზე
მზით დამწვრობის რისკის ჯგუფში შედიან ღია ფერის თვალების, თმისა და კანის მქონე ადამიანები, ასევე 6 წლამდე და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები.
დამწვრობის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მზეზე ყოფნის დროის შემცირება, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). დამწვრობის მიღება შესაძლებელია მოღრუბლულ ამინდშიც. ექიმების თქმით, საჭიროა წყლის წვეთების კანზე კარგად შემშრალება, რადგან მათ აქვთ ლინზების ეფექტი და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ ზემოქმედებას.
ზაფხულში რეკომენდებულია ნატურალური ქსოვილისგან დამზადებული ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმლის და 99-100% დამცავი ეფექტის მქონე სათვალეების ტარება.
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ ზაფხულში დამცავი კრემების გამოყენებას, რომლის SPF (მზისგან დამცავი ფაქტორი) 30-ზე მეტია. მათი წასმა მზეზე გასვლამდე 20 წუთით ადრე და ყოველ ორ საათში ერთხელ არის საჭირო. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპის მიხედვით.
მავნე შედეგების მიუხედავად, საქართველოში რუჯის კულტი არსებობს. ზაფხულში დედაქალაქში გადავსებულია ყველა ღია აუზი, ტბების და თბილისის წყალსაცავის პლაჟები. ირუჯებიან აივნებზე, კერძო სახლების ეზოებში, ასევე ხშირად დადიან სოლარიუმში. ამიტომ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები ძალიან დროულია.