„ლამაზი ფერები კარგ განწყობას ქმნის და ეს განწყობა მინდა ყველას გავუზიარო"

© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილი
თაკო ჭეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
საკუთარი ბრენდის შექმნის იდეა დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გაუჩნდა. საცდელად დამზადებულმა რამდენიმე აქსესუარმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
საუბარია პროფესიით ფინანსისტ თაკო ჭეიშვილზე, რომელმაც ერთხელაც გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნება აესრულებინა. დღეს მისი ბრენდის ANANO-ს ნაწარმმა საერთაშორისო ბაზარზეც მიიქცია ყურადღება.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ნამუშევარი
თაკო ჭეიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
თაკო ჭეიშვილის ნამუშევარი
- ქალბატონო თაკო, სანამ მომხმარებელთა ყურადღებას მიიქცევდით, რით დაიწყეთ?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მჯეროდა აქამდე თუ მოვიდოდი. პირველად ყვავილებით გაფორმებული თმის სამაგრების გაკეთება დავიწყე. თავიდან რამდენიმე ცალი ჯერ ჩემთვის და შემდეგ ბავშვისთვის გავაკეთე. ამ ბრენდმა პირველად ამით მიიქცია ყურადღება. დღეს ANANO-ს პარალელურად ჩემი პროფესიითაც ვმუშაობ. აქვე გეტყვით, რომ ანანო ჩემი ქალიშვილის სახელია და ბრენდსაც ამიტომ ვუწოდე ასე.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
- ცალკე თემაა თქვენი ფერადი ბერეტები, როგორ ხდება მათი გაფორმება?
- ბერეტი განსაკუთრებით დახვეწილი თავსაბურავია და როდესაც ვფიქრობდი, რომელი ახალი აქსესუარი შეიძლებოდა დამემატებინა ANANO-ს ნაწარმისთვის, თავში აზრად სწორედ ბერეტი მომივიდა. დეკორის ფორმა დაახლოებით ერთნაირია ყველა მათგანზე. თავიდან მგონია, რომ მონახაზი მაქვს გაკეთებული, თუმცა როდესაც ქარგავს ვიწყებ, შემდეგ სულ სხვა იდეები მიჩნდება. სხვათა შორის, ჩემი გადაწყვეტილება, ბერეტებზე მემუშავა, იმანაც გაამყარა, რომ იმ დროს ბერეტებზე არავინ მუშაობდა.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ნაწარმი
თაკო ჭეიშვილის ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
თაკო ჭეიშვილის ნაწარმი
- რა არის ამ ბრენდის წარმატების საიდუმლო?
- ყოველთვის ვცდილობ შევქმნა ის, რაც ნამდვილად „ანანოსია“, ანუ ისეთი რამ, რაც სხვას არ აქვს. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ამ ბრენდის წარმატების ფორმულა. თანაც, მინდა ყველა ქალი ჩემს ნაწარმში უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს და საკუთარი თავით კმაყოფილი იყოს.
© courtesy of Tako Cheishviliთაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
თაკო ჭეიშვილის ბრენდ „ანანოს“ ნაწარმი
- ამ მიმართულებით ბევრი მუშაობს?
- დიახ, ბევრი მუშაობს და ყველა მათგანი თავისებურად აფორმებს და ალამაზებს მას. ANANO-ს საკუთარი ხელწერა აქვს. ეს, პირველ რიგში, დეკორაციის მონახაზში და იმ მასალაში აისახება, რომელსაც მათ დასამზადებლად ვიყენებ. ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში მთელი გული და მონდომება ჩავდო, რათა იმედი და მოლოდინი არავის გავუცრუო.
- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა ასაკისა და გემოვნების ქალბატონებზეა გათვლილი თქვენი თავსაბურავები?
- ყოველთვის ვცდილობ ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანს მოვერგო, ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი უნივერსალურია. თუმცა არის მოდელები, რომლებიც ალბათ უფრო ახალგაზრდების მოწონებას დაიმსახურებს, მაგრამ ისინი შედარებით ასაკოვან ქალბატონს შეუძენია. პირადად მე ფერები ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ლამაზი ფერები კარგ განწყობას ქმნის და ეს განწყობა მინდა ყველას გავუზიარო...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0