ტურიზმის ადმინისტრაცია: რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე ინფორმაცია არასწორია

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2022
გამოწერა
ტურიზმიდან შემოსავლებმა 2022 წლის ივნისში 301,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 146,3%-ით მეტია.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2022 წლის იანვარი–ივლისში 52%-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის ამავე პერიოდში, განუცხადა ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
ჯანიაშვილმა კომენტარი გააკეთა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაზე, რომლის თანახმად, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება. კვლევაში ნათქვამია, რომ ვიზიტორების რიცხვის ზრდა 2022 წელს მნიშვნელოვნად დაჩქარდა.

„რაც შეეხება უშუალოდ რუსეთს, 2019 წელთან მიმართებით მხოლოდ 48%-ია აღდგენა, იანვარი–ივლისის მაჩვენებლებით 52%-იანი კლება გვაქვს. საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ რუსეთიდან 403 ათასი შეადგინა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი იყო 850 ათასი“, – განმარტა ჯანიაშვილმა.

მისი თქმით, ივლისის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის კუთხით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენა შეადგენს 67%-ს, ხოლო საერთაშორისო ტურისტების რიცხვით – 80%-ს.
„აქვე აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ წელს ჩვენ გვაქვს ისეთი ქვეყნები, სადაც აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, რომელთა წილმაც 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა. ეს ქვეყნებია საუდის არაბეთი, ისრაელი, ყაზახეთი“, – განაცხადა ჯანიაშვილმა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე მეტი ტურისტის მისაღებად საქართველო მარკეტინგულ კამპანიებს განაგრძობს მიზნობრივ ბაზრებზე. ესენია სპარსეთის ყურის, ევროპის ქვეყნები, ისრაელი.
ქვეყანაში ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს - კობახიძე>>
ჯანიაშვილმა აღნიშნა, რომ მიზნობრივი წელი მაჩვენებლების აღსადგენად არის 2019 წელი, ანუ პანდემიამდე პერიოდი, შემდეგ კი ქვეყანა იმ მაჩვენებლების შემდგომ ზრდაზე იზრუნებს, რომლებიც ქვეყანას 2019 წლამდე ჰქონდა.
ქვეყანას 2022 წლის იანვარი–ივნისში 247,1 ათასი რუსეთის მოქალაქე ეწვია, ეს 463,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემი, თუმცა ეს სამჯერ ნაკლებია (64,3%-ით), ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
შემოსავლებმა ტურიზმიდან 2022 წლის ივნისში 301,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 146,3%-ით მეტია და 11,26%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ივნისში. ყველაზე მეტი თანხა 2022 წლის ივნისში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 218,7 მლნ დოლარი.
პაპუაშვილი: ტრენდი, თითქოს საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული, კამპანიის ნაწილია>>
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველომ რეკორდულ წარმატებას მიაღწია 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
საქართველოს 2021 წელს ტურიზმმა 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. სულ 2021 წელს საქართველოში განხორციელდა 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი.
ყველა ახალი ამბავი
0