საქართველოში ინფლაციის დონე მცირდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, უმეტეს ქვეყანაში ინფლაცია მზარდია, საქართველოში კი არის შემცირების ტენდენცია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის ტურიზმს უკავშირდება.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის ივლისში, გასული წლის ივლისთან შედარებით) 11,5% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წელიწადზე გადაანგარიშებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (14,3%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,3%), ჯანდაცვაზე (0,6%). ივლისში სურსათზე ფასები წლიური 16,4%-ით გაიზარდა.
2022 წლის ივლისში, ივნისის პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,2% შეადგინა. ივნისში ინფლაცია ასევე 0,2% იყო.
რატომ დაიწყო საქართველოში ინფლაციის შემცირება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სხვა ბევრ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს ინფლაციის შემცირების ტენდენცია აქვს.

„თუ ჩვენ შევხედავთ დინამიკას, დავინახავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ინფლაცია იზრდება, საქართველოში კი მცირდება. რა არის ამის მიზეზი? გამომდინარე იქიდან, თუ რა გავლენა მოახდინა თავის დროზე პანდემიამ და შემდეგ ომმა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე, ამისდა მიხედვით ხდება ინფლაციის ასახვა. გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც“, – განაცხადა გვენეტაძემ ბრიფინგზე.

სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა. და როდესაც პანდემიის გამო ხალხის მობილობა მთლიანად შეწყდა, საქართველო ძლიერ დაზარალდა.
„ქვეყანამ მობილობის შეჩერების გამო დაახლოებით სამ მილიარდამდე უცხოური ვალუტის შემოსავალი დაკარგა. მოხდა გაცვლითი კურსის დევალვაცია და, შესაბამისად, ინფლაციაზე ამ გავლენის გადაცემა. ჩვენთან უფრო მალე აისახა სხვადასხვა ფაქტორი მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში სხვადასხვა მიზეზის გამო ჯერ არ იყო ასახვა“, – განაცხადა გვენეტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ბევრ ქვეყანაში იყო ძალიან მაღალი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება არ მომხდარა, ვთქვათ, იგივე ევროზონაში, აშშ-ში, რადგან ძირითადი მიზეზები იყო მოთხოვნის მხრიდან წამოსული მიზეზები, მიწოდების ჯაჭვების მოშლა.
Fitch-მა დაადასტურა საქართველოს რეიტინგი: ქვეყნის ეკონომიკის პლუსები და მინუსები>>>
მთავარი რეგულატორის აზრით, მაშინ, როდესაც ეკონომიკები ჯერ კიდევ მცირდება, ამ დროს კონტრპროდუქტიულია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.
„ასე რომ, ესაა მიზეზები, რის გამოც დღეს საქართველოში ინფლაცია დაღმავალია. მართალია, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც დაღმავალია. სხვა ქვეყნებში კი ინფლაცია ძალას იკრებს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
ბოლო მონაცემებით, წლიური ინფლაცია მოლდოვაში 32%-ია, ევროზონაში ასევე ახალი რეკორდი მოიხსნა – 8,6%, აშშ-ში – 9,1%, აზერბაიჯანში – 14%, სომხეთში – 10%, ყაზახეთში – 14,5%.
„გარკვეულწილად ის ფაქტი, რომ გაცვლით კურსს აქვს გამყარების ტრენდი და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ის გამყარებულია, მოქმედებს იმპორტირებულ ინფლაციაზე და იმაზე, რომ, როგორც მინიმუმ, იმპორტირებულმა ინფლაციამ არ შეიტანოს თავისი წვლილი. ამასთან, მოგეხსენებათ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა გამკაცრებული იყო საკმაოდ და გამკაცრებულ დონეზე რჩება, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული კრედიტების სტატუსი შეიძლება შეიცვალოს>>>
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 3 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11,0 პროცენტს შეადგენს.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო Fitch მოელის, რომ საქართველოში ინფლაცია წლიური დაანგარიშებით საშუალოდ 11,5% იქნება, ვინაიდან ფასები საცხოვრებელსა და კვების პროდუქტებზე მაღალი დარჩება, შემდეგ კი შემცირდება 2023 წელს 6,2%-მდე და 2024 წელს – 4,2%-მდე.
სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მკაცრი დარჩება მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი დონისა და უპირატესად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთისა.
ყველა ახალი ამბავი
0