მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

© photo: Sputnik / Stringerციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა.
თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ბრალდებულმა პოზიცია დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააფიქსირა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ამასთან, ბრალდებულ ბეროზაშვილს მისი საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვა შესთავაზეს, რასთან დაკავშირებითაც მან თანხმობა განაცხადა.
პროცესზე ასევე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე და, მოსამართლის გადაწყვეტილებით, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად იქნა ცნობილი.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა ვაზისუბანში 26 აპრილს მოხდა. 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა. ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
მამაკაცმა მშობლების მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ კი ბინაში გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს>>>
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ბინიდან წაღებული თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამას გარდა, ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.
საქმის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა. გიორგი ბეროზაშვილმა თვეების წინ მამის უკითხავად 21 ათასი დოლარს აიღო, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0