მშენებლობა განვადებით: გამოცხადდა ახალი ტენდერის პირობები

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2022
გამოწერა
გამარჯვებული კომპანია თანხას მიიღებს ოთხი წლის განმავლობაში, 2022 წლიდან 2026 წლამდე, ტრანშებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკურორტო ქალაქ წყალტუბოსა და რიგ სოფლებში წყალმომარაგების მოწყობაზე ტენდერი გამოაცხადა, სამუშაოებისთვის საჭირო თანხას სახელმწიფო ოთხი წლის განმავლობაში გადაიხდის.
ტენდერის პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ წყალტუბოსა და რეგიონის სამ სოფელში – გუმბრაში, ტერნალისასა და გვიშტიბში წყალმომარაგების სისტემები უნდა გაარემონტოს. პროექტის დამკვეთია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“.
მომსახურების საწყისი ღირებულება 35,7 მლნ ლარია, თუმცა გამარჯვებული კომპანია თანხას მიიღებს არა დაუყოვნებლივ, არამედ ოთხი წლის განმავლობაში, 2022 წლიდან 2026 წლამდე, ტრანშებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყოველი ტრანში სამუშაოს გარკვეული ეტაპის დასრულების შესაბამისი იქნება, ნათქვამია ტენდერის პირობებში.
მთავრობამ განვადებით მშენებლობის პროგრამის შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა. ამ პროგრამის ფარგლებში მთავრობა მზად არის იყოს ბანკების წინაშე გარანტორი იმ სამშენებლო კომპანიებისთვის, რომლებიც სახელმწიფოსთვის ააშენებენ, ხოლო შემდეგ კომპანიებს ფული სამი-ხუთი წლის განმავლობაში დაუბრუნოს.
განვადებით მშენებლობა: სამთავრობო პროგრამა შეუფერხებლად მუშაობს>>>
მთავრობა ამ პროექტის ფარგლებში 500 მილიონიდან 1 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას ელოდება. ამასთან, ბიზნესის დაინტერესების შემთხვევაში, ინიციატივა 2-3 წელიწადში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემის გადაჭრას დაეხმარება, ასევე გააუმჯობესებს სახელმწიფო ინფრასტრუქტურას.
თავად სამშენებლო სექტორში მთავრობის ინიციატივას ჯერ სიფრთხილით ეკიდებიან. კერძო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ კომპანიებისთვის ზარალის თავიდან ასაცილებლად ფულის დაბრუნების მკაფიო გარანტიებია საჭირო, ასევე დამატებითი ბერკეტების შექმნის აუცილებლობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0