ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა

© AP Photo / Elise Amendolaნოდარ ქუმარიტაშვილი
ნოდარ ქუმარიტაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2022
გამოწერა
საპატიო ჯილდო ნოდარ ქუმარიტაშვილის დას მარიამ ქუმარიტაშვილს გადასცეს.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახს საპატიო ჯილდო გადაეცა.
ღონისძიება კანადაში ქართული დიასპორის ინიციატივითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გაიმართა. საპატიო მედალი ნოდარ ქუმარიტაშვილის დას მარიამ ქუმარიტაშვილს გადაეცა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი ვარჯიშის დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე ციგით დაშვებისას დაიღუპა. ქუმარიტაშვილმა 144,3 კმ/სთ სიჩქარით დაშვებისას ციგა ვერ დაიმორჩილა, ტრასას ასცდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
21 წლის ქართველმა მოციგავემ ვერ მოასწრო თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება – ის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.
ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის დღე - 12 წელი ქართველი სპორტსმენის ტრაგიკული დაღუპვიდან>>>
ქართველი მოციგავე ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საგამოძიებო სამსახურის დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზი ტრასის გაუმართაობა გახდა. XXI ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენები შავი სამგლოვიარო ყელსახვევებით გამოვიდნენ, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა და სპორტსმენებმა კი ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ნოდარი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს, აქ მისი სახელობის მემორიალი და მუზეუმი გაიხსნა. ქუჩა, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.
აღსანიშნავია, რომ წელს პეკინის ოლიმპიადაზე საქართველო წარმოადგინა საბა ქუმარიტაშვილმა, ნოდარის ბიძაშვილის შვილმა. იმ ავბედით დღეს, 2010 წლის 12 თებერვალს საბა 9 წლის იყო. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ მოციგავე გახდებოდა.
მან აიხდინა ოცნება და 12 წლის შემდეგ პეკინის ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლა ტრაგიკულად დაღუპულ ბიძას მიუძღვნა.
ყველა ახალი ამბავი
0