პრემიერი: გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახები 100 ათას ლარს მიიღებენ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2022
გამოწერა
გუდაურთან ვერტმფრენის აფეთქების დროს ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. გუდაურის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახები სახელმწიფოგან 100-100 ათას ლარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მათი სახით ქვეყანამ ღირსეული ადამიანები დაკარგა.

„ეს დიდი ტრაგედიაა, რომელმაც ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 ათას ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ექიმებისთვის გამოყოფს 100 ათას ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტრაგედია გუდაურის მთებში
ოფიციალური ვერსიით, 29 ივლისს გუდაურის ტერიტორიაზე ორი ადამიანი პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. დაშავებულთა დასახმარებლად გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც სამაშველო ოპერაციისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. ავიაკატასტროფის შედეგად რვავე მათგანი დაიღუპა.
რაც შეეხება პარაპლანერისტებს, ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ინსტრუქტორი კი დაშავდა. იგი ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
ამ დროისათვის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის ასახელებენ ტექნიკურ გაუმართაობას. ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ მფრინავებსა და მაშველებს სხვადასხვა, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0