გია ვოლსკი სააკაშვილის გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
სააკაშვილი პოლიტიკიდან რომ წავიდეს კიდეც, ეს არაფერს შეცვლის, თუ მისი გუნდი არ შეცვლის თავის სტრატეგიას და ვითარებისადმი დამოკიდებულებას, განაცხადა ვიცე–სპიკერმა
თბილისი, 31 ივლისი— Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს ჩადენილი დანაშაულებისთვის იხდის და არა პოლიტიკაში მონაწილეობა–არმონაწილეობისთვის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ტოვებს ქართულ პოლიტიკას და მის მიერ დაარსებულ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
„სააკაშვილი იმიტომ არ იხდის სასჯელს, რომ ის პოლიტიკაში მონაწილეობს ან არ მონაწილეობს, ან მომავალში იქნება პოლიტიკაში ჩართული უკრაინაში, საქართველოში, თუ საერთოდ, ამ გლობალური, რეგიონული ლიდერის როლს შეითავსებს და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას... კონკრეტული დანაშაულებებია ჩადენილი და ამ დანაშაულებების გამო იხდის სასჯელს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
მისი თქმით, სააკაშვილი პოლიტიკიდან რომ წავიდეს კიდეც, ეს არაფერს შეცვლის, თუ მისი გუნდი არ შეიცვლის სტრატეგიას და სიტუაციისადმი მიდგომას.
„ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკაში არსებობს სააკაშვილი თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდის და დაღმაშენებლის სტრატეგია კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს ცვლის“, – განაცხადა ვოლსკიმ.
როგორც ვიცე–სპიკერმა აღნიშნა, ყველაზე მთავარია ვითარების მიმართ დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც, შეიძლება, ერთი სიტყვით „დაღმაშენებელთა“ გაერთიანებად წარმოვადგინოთ.
სააკაშვილი პოლიტიკიდანაც მიდის და „ნაცმოძრაობიდანაც“: ადვოკატის განცხადება>>
ამავე დროს „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა და სააკაშვილის თანამებრძოლმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ განცხადება ექს–პრეზიდენტის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა „ადვოკატების სტრატეგია“.
სააკაშვილი, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის ორ საქმეზე იხდის, სამოქალაქო კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და სრულფასოვანი სტაციონარული მკურნალობის ჩატარების აუცილებლობა გახდა. კლინიკიდან და მანამდე ციხიდან სააკაშვილმა არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადება.
ექს–პრეზიდენტის ოჯახი მისი მკურნალობით უკმაყოფილოა. მისმა დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მისი ვაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში არ შეცვლილა და მას კვლავ სისუსტე აღენიშნება. ალასანიას თქმით, აუცილებელია უცხოელი ექიმების მკურნალობაში ჩართვის პროცესის დაჩქარება.
ეს არის დაცვის მხარის სტრატეგია - მელია სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე>>
ამავდროულად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათთვის უცხოელი სპეციალისტების ჩართვის მოთხოვნით არავის მიუმართავს,
ოჯახის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექიმები ექს–პრეზიდენტის ზუსტ დიაგნოზს არ ასახელებენ. ნევროლოგ ოთარ თოიძის თქმით, მას დაავადებების მთელი „ბუკეტი“ აქვს, რომელთა მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია.
ყველა ახალი ამბავი
0