ტვირთბრუნვა 3 მლრდ დოლარის ოდენობით: საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას რამდენიმე მიმართულება დაემატება.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საქართველომ და თურქეთმა პრაქტიკულად დაასრულეს თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების გაფართოებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქეთის ახალ ელჩთან ალი ქაან ორბაისთან გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2008 წლიდან მოქმედებს. 2021 წელს მხარეებმა შეთანხმების გაფართოებაზე დაიწყეს მოლაპარაკებები.
პარალელურად ხუთშაბათს ანკარაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და მის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს შორის.

„ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა დაისახეს მიზანი, რათა წელს და უახლოეს პერიოდში ტვირთბრუნვამ 3 მლრდ დოლარს გადააჭარბოს. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავააქტიუროთ თანამშრომლობა და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით... ჩვენ ვთვლით, რომ თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმი უნდა იყოს უფრო აქტიური, მასში შესაძლებელია რიგი ცვლილებების შეტანა, რათა ავამაღლოთ მისი სარგებლიანობა და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თავის მხრივ, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს სავაჭრო ურთიერთობებში ყოველთვის ჰქონდათ დასახული ორიენტირები და აღწევდნენ მიზანს.
„ჩვენი მორიგი ნიშნული ვაჭრობის კუთხით განსაზღვრულია 3 მილიარდი დოლარის ოდენობით. ჩვენი სამინისტროები და სხვა სახელმწიფო უწყებები წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან იმისთვის, რათა მაქსიმალურად გაადვილდეს ვაჭრობა და განვითარდეს ეკონომიკური თანამშრომლობა ქვეყნებს შორის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც ადრე ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას შეიძლება დაემატოს საკითხები ფინანსური სერვისების, ტრანსპორტირების სფეროებიდან, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაზრდილი ჩამონათვალი.
საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროებში და ერთმანეთს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.
თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და თურქეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1,3 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15,3%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0