მეტროში შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულ ნუკრი ბაქრაძეს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerსაპყრობილე
საპყრობილე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
12 ნაფიცი მსაჯულიდან რვამ მსჯავრდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანა.
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ტელეკომპანია „TV პირველმა“ 24 იანვარს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს მეტროში პოლიციელი მოქალაქეს, იქვე მყოფ მეორე სამართალდამცველს კი კანონდარღვევაზე რეაგირება არ აქვს. შემთხვევა 23 იანვარს მოხდა.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პატრულ-ინსპექტორი – ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი 25 იანვარს დააკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მეტროს სადგურ „ისნის“ ზედა ვესტიბიულში პოლიციისთვის გამოყოფილ ოთახში პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხოლო მისი მეწყვილე კახა ბაკაშვილი პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.
მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელი თავისუფალია>>>
ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 144 მუხლის მეორე ნაწილით, რაც 5-დან 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება კახა ბაკაშვილს, მას ბრალი სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ბაკაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, ამასთან ბრალი აღიარა. მასთან 14 ივლისს საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
სასამართლომ მოგვიანებით ბაკაშვილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
ყველა ახალი ამბავი
0