მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელი თავისუფალია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მეტროში არასრულწლოვანი შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებული პატრულ-ინსპექტორებიდან ერთ-ერთს კახა ბაკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის სასამართლოს სხდომთა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ტელეკომპანია „TV პირველმა“ 24 იანვარს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს მეტროში პოლიციელი მოქალაქეს, მეორე სამართალდამცველს კი კანონდარღვევაზე რეაგირება არ აქვს. შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პოლიციელები სამართალდამცველებმა 25 იანვარს დააკავეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მეტროს სადგურ „ისნის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში პატრულ-ინსპექტორი ნუკრი ბაქრაძე არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხოლო მისი მეწყვილე კახა ბაკაშვილი პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია.
ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
ბაკაშვილმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. სასამართლომ ბაკაშვილი ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით სასჯელად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.
მეტროში შშმ მოზარდის ცემაში ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს>>
რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. პატრულ-ინსპექტორს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ.
დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0