მეტროში შშმ მოზარდის ცემაში ბრალდებულის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძის საქმეს, რომელიც მეტროს სადგურ „ისანში“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზეა დაკავებული, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე იქნა მიღებული.
ტელეკომპანია „TV პირველმა“ 24 იანვარს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემს მეტროში პოლიციელი მოქალაქეს. შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. პოლიციელები სამართალდამცველებმა 25 იანვარს დააკავეს.

„სურვილი გვაქვს, მის ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს. მისი ბრალი დამძიმებულია. ბრალდების მხარემ სისხლის სამართლის კოდექსში ყველაზე მძიმე მუხლი რაც იპოვა, ბრალად წაუყენა“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

როგორც დაკავებულის ადვოკატმა განმარტა, პატრულ-ინსპექტორის ქმედებები საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - კახა ბაკაშვილს, რომელმაც მომხდარის შესახებ არ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მან დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
დღესვე სასამართლომ ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. საქმე კი არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.
გამოძიების მონაცემებით, შშმ მოზარდის ცემას მისი თანმხლები პირები შეესწრნენ. ერთ-ერთმა მომხდარი ფაქტის ვიდეოჩანაწერი გააკეთა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მეტროს სადგურ „ისანის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში პატრულ-ინსპექტორი არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, პოლიციელი გაუსწორდა მოზარდს მიუხედავად იმისა, რომ შშმ მოზარდის თანმხლები პირი უმტკიცებდა მას, რომ ის ყრუ-მუნჯია და მის კითხვებს პასუხს ვერ გასცემდა.
პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
მის თანმხლებ პატრულ-ინსპექტორ კახაბერ ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ-ის 332-ე მიხლის პირველი ნაწილი). მას ემუქრება ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობა ან 3 წლამდე ვადით პატიმრობა.
ინციდენტის შემდეგ, 29 იანვარს თბილისში შშმ პირთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიტინგი გაიმართა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს შშმ პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა.
ყველა ახალი ამბავი
0