ევროთასებს ყველა ქართული საფეხბურთო კლუბი გამოეთიშა

© photo: Sputnik / Stringerბურთები სტადიონზე
ბურთები სტადიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2022
გამოწერა
„საბურთალო“ რუმინულ „სტიაუასთან“ 4:2 დამარცხდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ პოლონურ „ლეხს“ დაუზავდა, რაც პოლონელებისთვის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი იყო.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ქართული საფეხბურთო კლუბები – თბილისის „საბურთალო“ და ბათუმის „დინამო“ კონფერენს-ლიგის გათამაშებას მეორე ეტაპიდან გამოეთიშნენ.
ბათუმის „დინამოსგან“ შემდეგ ეტაპზე გასვლა ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რადგან ზღვისპირელები პოლონეთში „ლეხთან“ 5-ბურთიანი სხვაობით (0:5) დამარცხდნენ და მესამე ეტაპზე გასასვლელად დიდი ანგარიშით მოგება სჭირდებოდათ. რაც შეეხება „საბურთალოს“, თბილისელებმა რუმინული „სტიაუა“ საკუთარ კედლებში მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი ჰქონდათ.
ლაშა ნოზაძის მიერ გაწვრთნილი „საბურთალო“ რუმინეთში 0:2 მარცხდებოდა, თუმცა თბილისელებმა ანგარიში 8-წუთიან ინტერვალში გაათანაბრეს და მე-80 წუთამდე სასურველ ანგარიშს ინარჩუნებდნენ. მიუხედავად უპირატესობისა, მატჩის ბოლო 10 წუთში ქართულმა კლუბმა ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ ანგარიშით 2:4 დამარცხდა, ორი შეხვედრის ჯამში კი 3:4.
„საბურთალოს“ მხრიდან პირველი გოლი მატჩის 69-ე წუთზე გურამ გოშთელიანმა გაიტანა, რომელიც შეხვედრაში 62-ე წუთზე ჩაერთო. მეორე გოლის დროს, 77-ე წუთზე „საბურთალომ“ კარგი კონტრიერიში განახორციელა, რომელიც გოლით იური ტაბატაძემ დაასრულა.
ლაზარე კუპატაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა - მიზეზი უცნობია>>
რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი ჰქონდა, რადგან გია გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილ ფეხბურთელებს 5-ბურთიანი უპირატესობით გამარჯვება მართებდათ, გუნდმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, რომელსაც პოლონელებმა მალევე უპასუხეს.
მატჩის 64-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა, აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და მათე ვაწაძემ თავური დარტყით პირველი გოლი გაიტანა. საპასუხო გოლს რაც შეეხება, 76-ე წუთზე კვეკვესკირის პასის შემდეგ ალან ჩერვინსკიმ ალავიძეს შორი დისტანციიდან გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა.
აღსანიშნავია, რომ ევროტურნირებს კონფერენს-ლიგის პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ გორის „დილა“ და თბილისის „დინამო“. გორელები ფინურ „კუპსთან“ ორი მატჩის ჯამში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ, ხოლო „დინამომ“ ესტონური „პაიდეს“ ბარიერი ვერ დაძლია.
ყველა ახალი ამბავი
0