ლაზარე კუპატაძემ ბათუმის „დინამო“ დატოვა - მიზეზი უცნობია

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
ლაზარე კუპატაძე ბათუმურ კლუბში მეორე სეზონს ატარებდა. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ბოლო ორ შეხვედრაში გაშვებულ 7 გოლს უკავშირდება.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ბათუმის „დინამოს“ 26 წლის მეკარემ ლაზარე კუპატაძემ ბათუმურ გუნდთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბი დატოვა. ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ამ დროისათვის უცნობია, თუ რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი. სავარაუდოა, რომ ლაზარე კუპატაძის გუნდიდან წასვლა ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრებს უკავშირდება.
ბათუმური კლუბის მეკარემ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრატისლავის „სლოვანთან“ ბოლო წუთებზე ორი გოლი გაუშვა, აქედან ერთი ბურთი ქართველ გოლკიპერს კუთხურიდან ჩაუხვიეს.
აღნიშნული მარცხის შემდეგ „დინამომ“ კონფერენს-ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ „ლეხ პოზნანს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით - 0:5 დამარცხდა.
ბათუმურმა კლუბმა ლაზარე კუპატაძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. მადლობას ვუხდით ლაზარეს „დინამოს" მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის. წარმატებებს გისურვებთ ლაზარე“, – ნათქვამია კლუბის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ კუპატაძე ვარშავის „ლეგიას“ დაუკავშირეს. ვეტერანი პოლონელი მეკარე არტურ ბორუცი კარიერას ასრულებს და SportoweFakty წერდა, რომ პოლონელებს მისი შეცვლა ქართველი გოლკიპერით სურდათ. 26 წლის ლაზარე კუპატაძის მომავალი გუნდი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაირკვევა.
ლაზარე კუპატაძე „დინამოში“ მეორე სეზონს ატარებდა, მანამდე კი ის თბილისის „ლოკომოტივში“, „საბურთალოსა“ და ლუქსემბურგის „იუნეს ეშში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში კუპატაძეს ორი მატჩი აქვს ჩატარებული.
ყველა ახალი ამბავი
0