„მოსწავლეს მომავლის რწმენა უნდა ჩავუსახოთ და მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“

© courtesy of Tamar Qatamidzeმეგობართან ერთად
მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
„არასდროს მიოცნებია მასწავლებლობაზე, არც „მასწავლებლობანა“ მითამაშია ბავშვობაში“ – გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ქათამიძემ. დღეს მთელ რაიონში ის საუკეთესო პედაგოგად ითვლება.
სკოლაში 30 წელია მუშაობს და დარწმუნებულია იმაში, რომ „ძნელად აღსაზრდელი ბავშვი“ არ არსებობს.
- ქალბატონო თამარ, გავიგე, რომ მასწავლებლობაზე არასოდეს ოცნებობდით...
- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარდა კითხვა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩემისთანა მოუსვენარი გოგო ოდესმე მასწავლებელი გახდებოდა. წიგნები, რომელსაც წასაკითხად ვირჩევდი, თანდათან სქელდებოდა, მე კი ნელ-ნელა ვსერიოზულდებოდი. მერე იყო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, პრაქტიკა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, სადაც ბავშვების თბილ სახეებს ვაკვირდებოდი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ სკოლაში მემუშავა. ვეთანხმები იმ აზრს, რომ კარგ პედაგოგებად იბადებიან, მაგრამ არც იმას უარვყოფ, რომ პროფესიული უნარ-ჩვევების მიღება თანდათანობით, წლების განმავლობაში შეიძლება. ჩემი პირველი გაკვეთილი ციხისფერდის საჯარო სკოლაში ჩავატარე. მანამდე მოვემზადე, მხოლოდ სახელმძღვანელოს არ დავჯერდი.
© photo: Tamar Qatamidze / FBთამარ ქათამიძე
თამარ ქათამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
თამარ ქათამიძე
- როგორ არ უნდა აზროვნებდეს მასწავლებელი?
- ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოში, VIII კლასში შეტანილია ქეთი ნიჟარაძის „ავტოპორტრეტი“. იქ აღწერილია, რომ მასწავლებლებისთვის მთავარია, გარეგნულად იყოს ყველაფერი რიგზე, მოსწავლემ გაკვეთილი არ გააცდინოს, ან გაცდენისათვის რაიმე საპატიო მიზეზი მოიფიქროს, არავის აინტერესებს მოზარდის შინაგანი სამყარო. აი, სწორედ ასე არ უნდა აზროვნებდეს მასწავლებელი.
© photo: Tamar Qatamidze / FBთამარ ქათამიძე და კატო ცენტერაძე
თამარ ქათამაძე და კატო ცენტერაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
თამარ ქათამიძე და კატო ცენტერაძე
- ძველი დროიდან რას დააბრუნებდით სკოლაში?
- როცა წარსულს ვუბრუნდები, ვიხსენებ იმ დროს, როცა სკოლაში შრომა ისწავლებოდა. გოგონები ქსოვას, ქარგვას, სამზარეულოში ფუსფუსს სწავლობდნენ, ბიჭები – ხის დამუშავებას, ბაღ-ბოსტანში მუშაობას... ასეთი გაკვეთილები ყველას უხაროდა და ეხალისებოდა, ამიტომ სკოლაში ამ საგანს აუცილებლად დავაბრუნებდი.
© photo: Tamar Qatamidze / FBკოლეგებთან ერთად
კოლეგებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
კოლეგებთან ერთად
- ბავშვებთან ურთიერთობის დროს ყველაზე ხშირად რა პრობლემის წინაშე დამდგარხართ?
- მასწავლებლებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ „მოსწავლე ცელქია, აგრესიულია, რთულია“, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი ამა თუ იმ საქციელის უკან რაიმე ოჯახური ან პირადი პრობლემა, რაღაც ამბავი იმალება და ბავშვს ასეთი საქციელისთვის საბაბი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები არ არსებობენ. როცა პრობლემების წინაშე დგებიან, ამით მასწავლებლები თავს იმართლებენ ხოლმე.
- როგორ უნდა მოაგვაროს მასწავლებელმა ასეთ ბავშვებთან ურთიერთობა?
- კარგმა მასწავლებელმა გასაღები უნდა მოარგოს თითოეულ მოსწავლეს, ნიჭისა და უნარების გამომჟღავნებაში დაეხმაროს, ენდოს მას და მერე ისიც მიენდობა. მოსწავლეს მომავლის რწმენა უნდა ჩავუსახოთ და მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ – ესაა მასწავლებლის მაღალი დანიშნულება.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0