რისი თქმა სურდა ივანიშვილს? ოპოზიციამ მილიარდერის წერილი შეაფასა

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის განცხადებით, წერილი იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილი ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის განსჯის საგანი გახდა.
ივანიშვილმა, რომელსაც ოპოზიცია და ევროდეპუტატების ნაწილი ოლიგარქს უწოდებს და კულისებიდან ქვეყნის მართვაში ადანაშაულებს, ოთხშაბათს ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ შეხვდა აშშ-ის ელჩს, ასევე ის, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩართვას ცდილობენ.
„სიუჟეტის დასაწყისი"
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას თქმით, მალე ბიძინა ივანიშვილისგან ახალი წერილები „წამოვა“ და გუშინ გავრცელებული წერილი უბრალოდ სიუჟეტის დასაწყისია.

„ჩვენ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი შეხვდა აშშ-ის ელჩს, თუმცა არ ვიცით, რაზე ისაუბრეს. ჩვენ ვიცით ომის საფრთხეების შესახებ, თუმცა პოზიცია არ ვიცით. მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რომელიც მისი შემდეგი წერილებით გაიხსნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, არავის გაუკვირდა, რომ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პოზიციები ერთმანეთის მსგავსია.
„არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და არ წარმოვიდგინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, მათი პოზიციები დაახლოებული რომ იქნებოდა, ეს არავის გაგვკვირვებია. ომის საფრთხის შესახებ კამპანია მათი ყველაზე ცნობილი კამპანიაა და ბიძინა ივანიშვილმა ეს კამპანია რომ დაადასტურა, გასაკვირი არ არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ბიძინა ივანიშვილის წერილი შეაფასა აგრეთვე ექს-პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელმაც „ქართული ოცნება“ 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა.
„ფარდა ახადა“ - ხელისუფლების წარმომადგენლები ივანიშვილის წერილზე>>>
„სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარი პერსონალური ინტერესების გამო ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით, და ასე იმსხვრევა მითები“, – განაცხადა გახარიამ.
ოლიგარქიული მმართველობა?!
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ წერილი იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობაა და ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს.
„ეს წერილი იმის დასტურია, რომ დღეს ნამდვილად არის ოლიგარქიული მმართველობა და ყველაფერს სწორედ ივანიშვილი წყვეტს. ეს წერილი იმის დასტურია, რომ ის „ტრიო" არის მისი მეორე პროექტი, რომლითაც საქართველოს ბედს ეთამაშება“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, წერილი ადასტურებს იმას, რომ საქართველო ვროკავშირის კანდიდატის სტატუსს სწორედ ივანიშვილის გამო ვერ მიიღებს.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს ხელი გაუწოდოს აშშ-ს და ევროპას, რაც ხელსაყრელი იქნება როგორც მისთვის, ისე ქვეყნისთვის.
ივანიშვილი: საქართველოს ომში ჩათრევას ჯერ კიდევ ცდილობენ>>>
რაც შეეხება ივანიშვილის პოზიციას, უსუფაშვილის თქმით, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა მარცხენა ხელით „ქართული ოცნებიდან“ სამი დეპუტატი – ყაველაშვილი ხუნდაძე და სუბარი საკუთარი პროპაგანდისთვის გაუშვა, მარჯვენა ხელით კი სიტუაციის დამშვიდებას ცდილობს.

„მას ვურჩევდი, რომ მარჯვენა ხელი გააძლიეროს, სერიოზულად გაუწოდოს აშშ-ს და ევროპას, როგორც აქამდე იყო და მაშინ საქართველოც გადარჩება და თვითონაც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, კელი დეგნანი ბევრ ადამიანს ხვდება, მათ შორის თავად დავით უსუფაშვილს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი ან სხვა ვინმე „არაფორმალური მმართველია“.
„როდესაც საქართველო სათანადოდ არ იყო მობილიზებული და ჩართული საერთო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, სულ არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ჩვენმა სტრატეგიულმა მეგობრებმა გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილთან ამ თემებზე საუბარი“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
რა არ მოსწონთ აშშ-ის ელჩის?
ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მისამართით არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს.
პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დეგნანი ივანიშვილს შეხვდა და მისგან „რაღაც მოითხოვა“. თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია არ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს და არანაირი ზეწოლა მასზე არ განუხორციელებია.
დეგნანი ყურადღების ცენტრში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადების გამოც მოექცა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ელჩის მისამართით გაკეთებული არაერთი მოწოდების შემდეგ დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ ცდილობს მოსამართლეზე ან სასამართლოს რაიმე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეწოლის მოხდენას.
ელჩმა ჩხიკვაძესთან ბურკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მან მხოლოდ განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, ამიტომ უთანხმოების გაჩენის შემთხვევაში საკითხები განიხილება როგორც პირად საუბრებში, ისე საჯარო განცხადებების საშუალებით.
ყველა ახალი ამბავი
0