პაპუაშვილი პოლარიზაციის გაღრმავებაში სამ ოპოზიციურ პარტიას ადანაშაულებს

© Government of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, მათ შორის, საქართველო მიაღწევს დეპოლარიზაციას.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. სამი ოპოზიციური პარტიის „თვითშემოქმედება“ კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ქვეყანაში, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა პარლამენტის სპიკერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელოს“ გადაწყვეტილებას, მმართველი პარტიის გვერდის ავლით 25 ივლისიდან დაიწყონ სამუშაო პროცესი ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად.

„მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს – დეპოლარიზაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას შეახსენა, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაცია, რომელმაც, ერთი მხრივ, მოიწონა პარლამენტის სამუშაო გეგმა 12 პუნქტთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, მოუწოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს” და „სტრატეგია აღმაშენებელს“, ჩართულიყვნენ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.
„მიუხედავად ამისა, ისინი პირიქით მოქმედებენ. ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, საპარლამენტო ფორმატში საკითხებზე ერთობლივად მუშაობის ნაცვლად, შექმნეს თავიანთი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი პოლიტიკურ რადიკალიზაციას და სექტემბრიდან ქუჩის აქციებს აანონსებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ტექნიკური მთავრობის“ პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი გადაერთო „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტზე, რომელიც ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობაა.
„მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის პირობების შესრულების საკუთარი გეგმა 1 ივლისს წარმოადგინა. ამ ეტაპზე გათვალისწინებულია შესაბამის კანონპროექტებზე მუშაობა საპარლამენტო კომისიებში. ამ ფორმატში მუშაობაზე უარი თქვეს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", „სტრატეგია აღმაშენებელმა" და „ლელომ".
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, მათ შორის, საქართველო მიაღწევს დეპოლარიზაციას.
ყველა ახალი ამბავი
0