„ჩვენი შეცდომები გავაცნობიერეთ" - ნიკა მელია მმართველი პარტიის ამომრჩევლებს მიმართავს

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
მორჩილმა მოსამართლეებმა და ცუდმა საარჩევნო სისტემამ ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ იგი სუვერენიტეტის დაკარგვის ზღვარზეა, ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. იმისათვის, რომ მმართველი პარტიის ყოფილი ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე გახდეს, აუცილებელია წარსულში, მათ შორის, სასამართლო სისტემაში ჩადენილი დანაშაულის აღიარება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში.

„თუ მე ვეტყვი ამ ამომრჩეველს, რომელიც გუშინ „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სასამართლო სისტემა იყო დამოუკიდებელი, მე ამ ადამიანს ჩემ მოკავშირედ ვერასდროს გავიხდი. ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ – დიახ, როცა „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, გიჟდებოდა მონა მოსამართლეებზე“, – განაცხადა მელიამ.

ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განმარტებით, „მონა-მოსამართლეების“ არსებობა პრობლემა იყო, მაგრამ პარტიამ საკუთარი შეცდომები გააცნობიერა.
„მინდა გაიგოს ყველა ჩვენმა პოტენციურმა მოკავშირემ, რომ დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობა“ განსხვავებულია და საკუთარ შეცდომებზე სწავლობს“, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, გააზრებულმა ამომრჩეველმა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც დარწმუნდა იმაში, რომ მმართველი პარტია არ არის პროევროპული. გააზრებულმა ამომრჩეველმა მიატოვა „ქართული ოცნება“, როცა დაინახა, რომ ისინი აღარ არიან პროევროპულები.
თავის დროზე „ნაცმოძრაობამ“ ზუსტად იგივენაირად, როგორც დღეს „ქართულმა ოცნებამ“, არ მიიღო პროპორციული საარჩევნო სისტემა, რადგანაც ეშინოდა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების, განაცხადა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ მორჩილმა მოსამართლეებმა და ცუდმა საარჩევნო სისტემამ ქვეყანა იქამდე მიიყვანა, რომ იგი სუვერენიტეტის დაკარგვის ზღვარზეა.
ყველა ახალი ამბავი
0