სამყარო, სადაც ყველაზე თავისუფალი ხარ

© courtesy of Masho Kaxishviliმაშო კახიშვილი
მაშო კახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
დღეს იტალიის ქალაქ რეჯო დე კალაბრიაში მყოფ ქართველ ემიგრანტს მაშო კახიშვილს გაგაცნობთ.
ხაშურში დაბადებული ქალბატონი ემიგრაციაში ლექსებს და ნოველებს წერს. ამბობს, რომ ერთადერთი, რაც უცხოეთში ყველა ტკივილს და განცდას ავიწყებს, წერაა. მისი წიგნი „სამოთხიდან ჯოჯოხეთის ეკლიან გზაზე" – იმ გზაზეა, რასაც ყველა ემიგრანტი გადის...
© photo: courtesy of Masho Kaxishviliმაშო კახიშვილი
მაშო კახიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
მაშო კახიშვილი
- ქალბატონო მაშო, როგორი იყო თქვენი ცხოვრება, რომელიც ხაშურთანაა დაკავშირებული?
- დავიბადე და გავიზარდე ხაშურში, სახელმწიფო მოხელეების ოჯახში. რადგან მამიკოს გათამამებულ გოგოდ ვითვლებოდი, ამიტომ ოჯახის ყურადღებაც უფრო ჩემკენ იყო მომართული. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწეოდნენ, ყოველთვის ჰქონდათ საკმარისი დრო იმისთვის, რომ შვილებთან ერთად გაეტარებინათ. მშობლებმა ჩვენი კარგად აღზრდისთვის საკმაოდ ბევრი რამ გააკეთეს. ფერადი და ლამაზი ბავშვობა მქონდა. მყავს და. ვთვლი, რომ სამყარო, სადაც ის ახლა თავის საუკეთესო ნამუშევრებს ქმნის, მისთვის უფრო მისაღებია, რადგან თავისი აღსაზრდელებისთვის ყველაფერს სიხარულით აკეთებს. ძმა მსახიობია, რამდენიმე თეატრში მოღვაწეობს და საკმაოდ წარმატებულია. ვსწავლობდი ხაშურის N1 გიმნაზიაში, ჩემი ყველაზე ფერადი და ბედნიერი ბავშვობა სწორედ სკოლას უკავშირდება. მყავს საუკეთესო მეგობრები, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. წერა ბავშვობიდან მიყვარს და ჩემი ჩანაწერები აქამდე ინახება ჩვენი სკოლის სამახსოვრო ალბომში, რითაც ძალიან ვამაყობ.
© photo: courtesy of Masho Kaxishviliმეგობართან ერთად
მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
მეგობართან ერთად
- უცხოეთში რთული გზა გაიარეთ...
- დიახ, სანამ იტალიაში, კერძოდ, რეჯო-კალაბრიაში დავმკვიდრდებოდი, რთული გზა გამოვიარე. თავიდან კალაბრიას მარტო ორი კვირა ვსტუმრობდი, შემდეგ ჩავედი ჩრდილოეთში, ქალაქ უდინეში, სადაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები გავიცანი. ადამიანები, რომლებმაც ქართული გული კიდევ ერთხელ მაგრძნობინეს. ქალბატონმა მარინა ფეიქრიშვილმა, რომლის სახლშიც დავბინავდი, ისე მიმიღო, როგორც საკუთარი შვილი. არასდროს დამავიწყდება ქალბატონი ფოთოლა მანაგაძე, რომელმაც საოცარი სითბოთი და სიყვარულით ჩამიხუტა გულში. არცთუ ისე ბევრი მეგობარი მყავს, თუმცა ვთვლი, რომ ისინი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. წარუშლელი ემოცია დამიტოვეს მარი გოშხეთელიანმა და მაიკო ბორაშვილმა, რომლებთანაც თვე-ნახევარი დავყავი. ჩემი ბედი გარკვეულად დავუკავშირე ამ ადამიანებს, რომლებსაც, ვთვლი, რომ არასოდეს დავკარგავ. რა თქმა უნდა, თავიდან ემიგრაციაში იყო ტკივილი და იმედგაცრუებაც, მაგრამ ყველაფერი მოთმინებით დავძლიე... რეჯო-კალაბრიაში, სრულიად უცხო ქალაქში გაურკვეველ ვითარებაში მოხვედრილს არასდროს დამავიწყდება სიკეთით გამოწვდილი არცერთი ხელი. ისინი არც ისე ბევრია და ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადამიანებად იქცნენ. ზუსტად ვიცი, რომ არასდროს დავკარგავ მაია ზარნიძეს, რომელსაც დღემდე დედობილად ვთვლი, ხათუნა დადიანიძეს, რომელმაც მძიმე წუთებში ჩამკიდა ხელი და მარტო არ დამტოვა. მინდა ასევე ვახსენო ჩემი საუკეთესო მეგობრები მარი ალავიძე, ზიზი ბუცხრიკიძე და თამთა მჟავია...
© photo: courtesy of Masho Kaxishviliმეგობართან ერთად
მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
მეგობართან ერთად
- რას ნიშნავს თქვენთვის ემიგრაცია?
- ემიგრაცია უძილო ღამეებია, როცა დრო ჩერდება. რეალურად უმოძრაო მდგომარეობაში ვართ, ვაკუუმში, საიდანაც ვერსად გაიქცევი. მერე თანდათან ეგუები უცხო ქვეყანას, ახალ ზნე-ჩვეულებებს, უცხო ოჯახს, რომელიც საკუთარივით უნდა მიიღო. იტალიურ შთაბეჭდილებას რაც შეეხება, უზომოდ მომწონს იტალიური კულტურა და ურთიერთობები. რეჯო-კალაბრიაში ჩამოსვლის დღიდან რომ მოვხვდი, ისევ იმ ოჯახში ვარ. თავიდან მათი არცერთი სიტყვა არ მესმოდა. ბაბუამ მასწავლა იტალიური ენაც და ადგილობრივი სამზარეულოც, რომელსაც საკმაოდ კარგად დავეუფლე. ძალიან დიდი იტალიური ოჯახია, კვირაში ხუთ დღეს, როცა ყველა იყრის თავს, 18 ადამიანი ვართ.
- სამშობლოში რა და ვინ გენატრებათ?
- მენატრება ჩემი ხალხი, ოჯახი, შვილი, ვის გამოც აქ ვარ. მენატრება თბილისი, სადაც ოცი წელი ვიცხოვრე. ბედნიერი ვარ იმით, რომ აღმოვაჩინე ადამიანები, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მეგობრობის ხელი გამომიწოდეს და კიდევ იმით, რომ შევიძინე მეორე დიდი ოჯახი. ერთადერთი, რაც ემიგრაციაში ყველა ტკივილს და განცდას მავიწყებს, წერაა. აქ მე მაქვს ჩემი სამყარო, სადაც ყველაზე თავისუფალი ვარ, რადგან გადმოვცემ ადამიანების მიმართ საკუთარ ემოციას, სიყვარულს, ტკივილსა და ბედნიერებას...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0