აბდულა შაჰიდი საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

© photo: Sputnik / Stringerტურისტი თბილისში
ტურისტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს თამარ ყორიაულსა და აბდულა შაჰიდს შორის შეხვედრა კახეთის რეგიონში, წინანდალში გაიმართა.
შაჰიდს თამარ ყორიაულმა საქართველოს ტურისტული მიმართულებები, კახეთის ტურისტული პოტენციალი, ტურიზმის აღდგენის კუთხით შესრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
გაეროს გენასამბლეის თავმჯდომარე საქართველოში მთავრობის მოწვევით იმყოფება. მან შეხვედრები უკვე გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
შაჰიდი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მთავრობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტაბილური განვითარების მიზნების მიღწევაში.
შაჰიდი ასევე ეწვევა საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას, სადაც გაიმართება გაეროს პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ყველა ახალი ამბავი
0