გამყრელიძე მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებულ ვითარებაზე საქართველოში

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
საქართველოში დარეგისტრირებულია მაიმუნის ყვავილის ერთი შემთხვევა, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, განაცხადა ეპიდემიოლოგმა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არა აქვს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ე.წ. მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა. ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

„მაიმუნის ყვავილს არ ახასიათებს ისეთი გავრცელება, როგორც სხვა რესპირაციულ ვირუსულ დაავადებებს, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. რა თქმა უნდა, მზადყოფნა უნდა იყოს. ამიტომ გამოცხადდა ეს. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, პროფესიულ თემს, მაღალი რისკის მქონე ადამიანებს", – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო მაიმუნის ყვავილის გავრცელების თვალსაზრისით კეთილსაიმედო ქვეყანაა, რადგან ახალი შემთხვევა სამ კვირაზე მეტია არ გამოვლენილა.
„ქვეყნები დაყოფილია ოთხ ჯგუფად. პირველია – სადაც ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა მაიმუნის ყვავილი, ან ბოლო 21 დღეში აღარ აღრიცხულა. აქ შევდივართ ჩვენ. ჩვენთან ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც უკვე განიკურნა. ბოლო 21 დღეში აღარ ყოფილა ახალი შემთხვევები. ანუ არ გავრცელებულა ვირუსი", – განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, შემუშავებულია რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც განსაზღვრავს როგორც დაკვირვებას, ისე სიმპტომებს. საინკუბაციო პერიოდი 21 დღემდე გრძელდება.
გამოიწვევს თუ არა მაიმუნის ყვავილი პანდემიას? ინფექციონისტის განმარტება>>
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა, შესაძლოა, 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
მაიმუნის ყვავილს ახასიათებს გრიპის მაგვარი სიმპტომები: ცხელება, შემცივნება, თავის და კუნთების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება.1-3 დღეში სახეზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც მთელ სხეულზე ვრცელდება და თანდათანობით სითხიან ბუშტუკებს აჩენს. ამ ტიპის გამონაყარი გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება და მის ადგილზე წარმოიქმნება ნაწიბურები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება.
აშშ-ში ბავშვები მაიმუნის ყვავილით დაინფიცირდნენ>>
დიაგნოსტიკა ხდება PCR–ტესტირების მეთოდით. გადამტანად გვევლინებიან მღრღნელები და პრიმატები.
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ინფიცირების დაახლოებით 14 ათასი შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპაში გამოვლინდა.
ყველა ახალი ამბავი
0