აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა შენდება

© Sputnik / Alexander Imedashviliაბასთუმანი
აბასთუმანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2023 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აბასთუმანში სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

„მშენებლობის პროცესი დავიწყეთ წელს და უკვე გაისად აბასთუმანში გვექნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა. ანალოგიური პროექტები, ახალი სკოლების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით", – განაცხადა ჩხენკელმა.

პროექტის მიხედვით, აბასთუმანში კეთილმოეწყობა ახალი სკოლის ეზოც, დამონტაჟდება გათბობის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები. სკოლას ასევე ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორია, ადმინისტრაციული და სამეურნეო ნაწილი.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის – მოეწყობა პანდუსი, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. ეზოში მოეწყობა სარეკრეაციო სივრცე.
ახალი სკოლის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ის 2023 წელის ნოემბერში დასრულდება. მშენებლობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით შპს „რებილდი" აწარმოებს.
პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარს აღემატება. აბასთუმანში დაწყებითი სკოლა 1973 წლიდან ფუნქციონირებდა. სკოლა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილ საცხოვრებელი სახლის შენობაში იყო განთავსებული.
2004 წლიდან სკოლა საბაზო საფეხურის გახდა, ხოლო 2006 წლიდან საშუალო სკოლის სტატუსი მიიღო. აბასთუმნის საჯარო სკოლის ამჟამინდელი შენობა კერძო საკუთრებაშია.
ყველა ახალი ამბავი
0