მესამე წრეზე: ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კალანდარიშვილი ძალებს კვლავ მოსინჯავს

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2022
გამოწერა
კალანდარიშვილი იმედოვნებს, რომ მის კანდიდატურას მხარს დაუჭერენ როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ისე პარლამენტში.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ამ პოსტის დასაკავებლად განაცხადის შეტანას კიდევ ერთხელ – მესამედ აპირებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობებზე კონკურსი ივლისის შუა რიცხვებში გამოაცხადა. ახალი კონკურსის გამოცხადება იმიტომ გახდა საჭირო, რომ აგვისტოში კალანდარიშვილისა და ცესკოს წევრების – მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება. სამივე პარლამენტმა თებერვალში ექვსი თვის ვადით აირჩია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მიმიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილი საკონკურსო კომისიისთვის განაცხადით, რა თქმა უნდა, გიდასტურებთ, რომ ვაპირებ განაცხადის გაკეთებას. ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ბუნებრივი და ლოგიკურია იქიდან გამომდინარე, რომ ერთწლიანი წარმატებული საქმიანობა მაქვს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

მისი თქმით, ამჟამად არცერთი კითხვა არ არსებობს მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც უწყების დამოუკიდებლობას ან მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ დააყენებდა.
„მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ღირსეული კანდიდატი ვიქნები“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მიზნები და ამბიციები აბსოლუტურად ჯანსაღია, ძალიან პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ როგორც კონკურსის პირველი ეტაპი გადაილახება წარმატებით, ასევე წარმატებით გადაილახება პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გაგზავნის ეტაპიც და შემდეგ უკვე საკანონმდებლო ორგანოშიც მრავალპარტიული მხარდაჭერის მოლოდინები მაქვს“, – აღნიშნა მან.
განაცხადების მიღება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 26 ივლისს დაიწყება.
საქართველოში კვლავ ცესკოს თავმჯდომარის კონკურსი გამოცხადდა>>
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0