სარჯველაძე ნედ პრაისის განცხადებაზე: „არ მგონია სწორი შეფასება იყოს"

© Ministry of Justice of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ან ცუდად არის ინფორმირებული, ან ამ ვითარებაში გაუგებრობა შეიქმნა, აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დასხმია თავს საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ეს არასწორი შეფასებაა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" მიხეილ სარჯველაძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მანამდე დეზინფორმაცია უწოდა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ამერიკის საელჩოს მხრიდან ქართული სასამართლოს მუშაობაში ჩარევის შესახებ და განაცხადა, რომ პირადი შეტევები ელჩ დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, როგორც ერთმანეთთან პარტნიორები ურთიერთობენ.

„ვაითუ კარგად არ არის ინფორმირებული, ან კვლავ ინფორმაციის არასწორად მიწოდებას აქვს ადგილი... არ მგონია, ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან აშშ-ის ელჩზე თავდასხმას ჰქონოდა ადგილი. ამას ვერ დავეთანხმები და არ მგონია, რომ სწორი შეფასება იყოს", – განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

ამავე დროს დეპუტატმა აღნიშნა, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის გაჩნდა კითხვები მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შემდეგ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც მას განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი, განსაკუთრებით იმით, თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორ ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.
„გუშინ, ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს", – აღნიშნა სარჯველაძემ.
მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა საქართველოში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური არხების გამოყენებით გაერკვევა საკითხში.
უფრო მკვეთრი იყო შეფასებებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩისგან ელოდებოდა გასაგებ განმარტებასა და იმის უარყოფას, რომ ამერიკის საელჩოდან ვიღაცამ თავს უფლება მისცა, ზეწოლა მოეხდინა მოსამართლეზე. თუმცა ეს უარყოფა მას არ მოუსმენია.
ნედ პრაისმა საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა>>
ოპოზიციამ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები შეაფასა, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორზე – აშშ-ზე თავდასხმა.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში საკითხებს განიხილავენ როგორც პირისპირ საუბრისას, ისე საჯარო გამოსვლების დროს.
ჩხიკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ კევინ ბურკთან შეხვედრისას მან შეატყობინა, რომ მისი დაგეგმილი გამგზავრება აშშ-ში არასასურველია და ის სიიდან ამოიღეს. ჩხიკვაძე ქართველი მოსამართლეების ექვსკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში მაისში, გვარამიას საქმეზე ვერდიქტის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში აშშ-ში უნდა გამგზავრებულიყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0