საქართველო COST-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
მინისტრის თქმით, COST-ის წარმომადგენლები უკვე აქტიურად ურთიერთობენ ქართულ მხარესთან, რაც ძალიან ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობაა.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაციის (COST) სრულფასოვანი წევრი გახდა, იუწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა და აღნიშნული საკითხი განიხილა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, COST-ის წევრობა ქართველ მეცნიერებს განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს.
ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა დე ბრუინს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ COST-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა უდიდესი თანადგომა გამოიჩინეს, როდესაც პარიზში გამართულ უმაღლეს ხელმძღვანელთა კომიტეტისა და გენერალური ასამბლეის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროპული თანამშრომლობის ოჯახში საქართველოს სრულფასოვან წევრად მიღებას.
რონალდ დე ბრუინმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი მეცნიერები მაქსიმალურად ჩაერთვებიან და ისარგებლებენ ყველა იმ შესაძლებლობით, რასაც მათ COST-ი სთავაზობს.
მისი თქმით, 2022 წლის შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება COST-ის ხელმძღვანელთა კომიტეტის მორიგი შეხვედრა, სადაც საქართველო უკვე სრულფასოვანი წევრის სტატუსით ჩაერთვება.
COST-ის ასოციაცია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ერთ-ერთ უძველეს ევროპულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1971 წელს დაფუძნდა. მასში 40-მდე სახელმწიფოა გაერთიანებული.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპელ მკვლევარებს შორის კავშირების დამყარებას, ასევე მათი კვლევითი საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების ჩატარების, საზაფხულო სამეცნიერო სკოლების შეთავაზებითა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.
ყველა ახალი ამბავი
0