კახეთში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი მალე დასრულდება

© Pixabay / Candiixხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
გამოწერა
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს, აქედან მხოლოდ 15%-ია ადგილობრივი წარმოების.
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ხორბლის და ქერის მოსავლის აღების პროცესი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან ერთად დედოფლისწყაროში ხორბლის აღების პროცესს – ალოობას დაესწრო.

„კახეთის რეგიონში ალოობა აქტიურ ფაზაშია და მალე დასრულდება, რის შემდეგაც კომბაინები შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გადაინაცვლებს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინი“, – განაცხადა შამუგიამ.

მინისტრის თქმით, მოსავლის აღების პროცესში ასევე ჩართულია სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით კერძო სექტორის მიერ შეძენილი 30-ზე მეტი ახალი კომბაინიც, თუმცა ეს რაოდენობა ჯამში საკმარისი არ არის.
„ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ თანადაფინანსებას და ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის რაოდენობას გავზრდით, რაც ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, შეუფერხებლად, აგროვადებში შეძლონ მოსავლის აღება“, – განაცხადა შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს მარცვლეული კულტურების მოსავალი კარგია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით 33%-ით გაიზარდა ხორბლის წარმოება და მიმდინარე წელსაც მოსავალი უხვია, დასძინა მინისტრმა.
„ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად განსახორციელებელია კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც ჩვენს პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ. აშშ-ში ვიზიტის დროს აღნიშნული საკითხი განვიხილეთ არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა მივიღოთ მათი მხარდაჭერა თესლის წარმოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებებით, შესაბამისად, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 78 ერთეული კომბაინი.
მინისტრი: საქართველო ხორბლის წარმოებას გაზრდის>>>
დღეისათვის საქართველოს ხორბლით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს. უახლოეს წლებში ხელისუფლება აღნიშნული მაჩვენებლის 50%-მდე გაზრდას გეგმავს.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
წლის განმავლობაში საქართველო 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ მცირე რაოდენობაა ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას შემოაქვს რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, აშშ-დან. ბოლო წლებში რუსეთზე მარცვლეულის იმპორტის 70% მოდიოდა.
ყველა ახალი ამბავი
0