ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© AP Photo / Armando Francaტყის ხანძარი
ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
სტატისტიკის თანახმად, ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ტყეში ქცევის წესები ტყის ხანძრების თავიდან ასაცილებლად, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად ათავსებს საინფორმაციო- გამაფრთხილებელ ნიშნებს ზონებში, რომლებიც ხანძრის თვალსაზრისით საშიშია.

„მაღალი ტემპერატურის გამო ზაფხული განსაკუთრებით საშიში პერიოდია ხანძრების გასაჩენად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაიცვან საპიკნიკე ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული აკრძალვები", – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ტყეში ხანძრის გაჩენის ძირითადი მიზეზი ხალხის გაუფრთხილებლობაა.
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ასევე ძველ ნახანძრალებში.
ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევაში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ტერიტორიის თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისგან, ფიჩხისგან გაწმენდას.
კანონდამრღვევებს შეიძლება დაეკისროთ როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი სასჯელი. კერძოდ, ტყის ან ნათესის მოსპობის ან დაზიანების შემთხვევაში დამრღვევ პირს შეიძლება დაეკისროს 170 ლარიდან 300 ლარამდე ჯარიმა ან გამოსასწორებელი სამუშაოები ორ წლამდე ვადით ან ამავე ვადით პატიმრობა.
არ დაწვათ მცენარეული ნარჩენები - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება>>
ტყის ან ნათესების დაზიანება, განადგურება აფეთქებით ან სხვა საშიში მეთოდით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან რვა წლამდე.
საქართველო 2017 წლის ზაფხულში ტყის ხანძრების სერიამ მოიცვა. ისინი განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში იყო, რომელსაც ექვსი დღის განმავლობაში აქრობდნენ. არსებული მონაცემებით, დაიწვა 100 ჰექტარზე მეტი ფართობი. მდგომარეობას ართულებდა მთიანი რელიეფი, ქარი და უნალექო ამინდი. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი ეხმარებოდნენ. დახმარების მზადყოფნა რუსეთმაც გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0