საქართველოში ტრეფიკინგს წარმატებით ებრძვიან - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

© AP Photo / Luis M. Alvarezსახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში, აშშ
სახელმწიფო დეპარტამენტი ვაშინგტონში, აშშ - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2022
გამოწერა
საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით ევროკავშირის წევრ 13 ქვეყანას უსწრებს.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველო მსოფლიოში იმ საუკეთესო 30 სახელმწიფოს შორისაა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშის მონაცემებს საქართველოს პროკურატურა აქვეყნებს.

აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს – ბულგარეთს, ხორვატიას, დანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, ირლანდიას, იტალიას, ლატვიას, მალტას, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, სლოვაკეთს.

გარდა ამისა, საქართველო წელსაც ერთადერთია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც პირველ კალათში (Tier 1 List) იკავებს ადგილს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებს და, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, განაგრძობს მტკიცე და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას.
2022 წელს საქართველოს პროკურატურაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ეროვნული სიმულაციური ტრენინგები დაიწყო. საქართველო მოწინავე სახელმწიფოა რეგიონში, სადაც აღნიშნული სასწავლო კურსი ინერგება.
ამას გარდა, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მომუშავე პროკურორების, მოსამართლეებისა და გამომძიებლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოში ადამიანით ვაჭრობის კუთხით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები, მათ შორის, სექსუალური ექსპლუატაციისა და შრომითი ექსპლუატაციის, ბავშვთა მიერ მოწყალების თხოვნაში ჩაბმის შემთხვევების პრევენციის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში საქმის განხილვის პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხაზგასმულია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა.
ყველა ახალი ამბავი
0